ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ქერინგტონის ბაზაზე პრემიერლიგის ბოლო ტურის მეორე დღეს დაიბარა. მიზეზი: მათ უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ რამ განაპირობა სეზონის წარუმატებლობა.

პრემიერლიგის ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურიღაა დარჩენილი. ამ უქმეებზე მანჩესტერელები სტუმრად თამაშობენ „ჰადერსფილდთან”, ხოლო 12 მაისს, ბოლო დღეს, „კარდიფ სიტის” მასპინძლობენ.

სეზონის დამთავრების მეორე დღეს თათბირის დანიშვნა ინგლისში უჩვეულო რამ არის. კლუბები, როგორც წესი, ფეხბურთელებს ბოლო თამაშის დაწყებამდე ემშვიდობებიან, რადგან გაისმება თუ არა საფინალო სასტვენის ხმა, მოთამაშეები დასასვენებლად გარბიან.

„მანჩესტერ იუნაიტედმა” კი მართლაც ცუდი სეზონი ჩაატარა და არა მარტო ჟოზე მოურინიუს ხელში, არამედ სულშერის მწვრთნელობის პერიოდშიც. მართალია, ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ გუნდმა ზედიზედ მიაყარა მოგებები, მაგრამ შემდეგ ჩარხი უკუღმა დაუტრიალდა და ბოლო 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა.

პრემიერლიგის ცხრილს თუ ჩავხედავთ, „მანჩესტერ იუნაიტედი” 65 ქულით მე-6 ადგილზეა. მე-5 ადგილზე 66 ქულიანი „არსენალია”, ხოლო მეოთხეზე 68 ქულიანი „ჩელსია”.

მანჩესტერელთა ამოცანა ოთხეულში შესვლა და სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგაში თამაშია, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. „ჩელსი” „უოტფორდს” მასპინძლობს და ბოლო ტურში „ლესტერს” სტუმრობს.