ჟოზე მოურინიუმ beIN Sports-თან ინტერვიუში დაიჩივლა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედში” ისე არ ეპყრობოდნენ, როგორც იურგენ კლოპს „ლივერპულში” ან პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში”.

შეგახსენებთ, რომ „განსაკუთრებული” „ოლდ ტრეფორდიდან” 2018 წლის დეკემბერში დაიფრინეს. „იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა ეს იმით ახსნა, რომ პორტუგალიელის ფილოსოფია მანჩესტერული კლუბისას არ ერგებოდა.

და ახლა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ლივერპულმა” ბარსელონაში 0:3 წააგო, მოურინიუს ჟურნალისტებმა მიაკითხეს, მას კი თავის მართლების საშუალება მიეცა:

„გარი ნევილმა ჩემი ფილოსოფიის შესახებ არაფერი იცის. იქნებ, ჩემი ფილოსოფია იმ იმედს იმყარებოდა, რომ მე „მანჩესტერ იუნაიტედში” ისეთივე პირობებს შემიქმნიდნენ, როგორიც იურგენს „ლივერპულში” შეუქმნეს, პეპს კი „სიტიში”.

გადახედეთ იმ შემადგენლობას, რომლითაც კლოპი დღეს თამაშობს. რამდენი ფეხბურთელი იყო ამ ხალხიდან „ლივერპულში”, როდესაც იურგენი იქ მივიდა? ანდა, გაიხსენეთ ის ამბავი, გვარდიოლას ოთხი მცველის შეცვლა რომ მოუნდა და კლუბმა სურვილი იმავე ზაფხულს შეუსრულა. გაიხსენეთ, კლაუდიო ბრავოს ისტორია. პეპს ეს მეკარე არ მოეწონა და ის შემდეგ სეზონშივე ედერსონით შეცვალეს.

იურგენი „ლივერპულში” უკვე სამწელიწადნახევარია და ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არაფერი მოუგია, მაგრამ არავინ არაფერს ერჩის და საკუთარი ძალების რწმენით არის სავსე”.

ასეთია მოურინიუს პოზიცია, თუმცა მისი ოპონენტები ამბობენ, რომ პორტუგალიელს საწუწუნო არაფერი აქვს, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედმა” თავის დროზე მის მიერ შერჩეულ ფეხბურთელებში ფული არ დაინანა: პოლ პოგბა (105 მილიონი ევრო), რომელუ ლუკაკუ (84,7), ნემანია მატიჩი (44,7), ალექსის სანჩესი (34), ჰენრიკ მხითარიანი (42) და ერიკ ბეილი (38).