ვერაფერს იტყვი – დიდებული იყო „ბარსელონა“ „ლივერპულთან“ და თითქმის ფინალშია.
სხვა შემთხვევაში „თითქმის“ სრულიად ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ ისიც გვახსოვს, კატალონიელები პირველი მატჩის სამი ბურთით მოგების შემდეგაც გავარდნილან და ისიც, როგორ შემოატრიალა „ლივერპულმა“ 0:3 სულაც ერთ ტაიმში.
იქნებ ამ ყველაფერს სულაც იმიტომ ვიხსენებთ, რომ სამეორემატჩოდ ინტრიგის შენარჩუნება გვინდა? ნაწილობრივ კი, მაგრამ დავეკითხოთ სტატისტიკას, იყო კი „ბარსას“ სათამაშო უპირატესობა ისეთი, როგორც ტაბლოზე აისახა?
შეხვედრის დებიუტი ლივერპულელების იყო და ბურთსაც მეტად ფლობდნენ: 59% – 41%. მარტო სალაჰი პირველ 25 წუთში 6-ჯერ ინდივიდუალურად გასცდა მეტოქეს – იმდენივეჯერ, რამდენჯერაც მთელი „ბარსა“. დარტყმების ანგარიში 3:3 იყო. რეალურად აბსოლუტურად თანაბარი თამაში მიდიოდა, ვიდრე ალბამ საგოლედ არ დაუგორა ლუის სუარესს.
გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლები თითქოს გააქტიურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის სტატისტიკა მშვიდად ყოფნის უფლებას არ აძლევდათ. დარტყმები 6:5, სახიფათო მომენტები 4:4, ბურთის ფლობა 52:48 – დიდი ვერაფერი უპირატესობაა.
მეორე ტაიმის სტარტზე ჯერ ტერ შტეგენმა მილნერის დარტმული გააუვნებლა, მერე კი სალაჰსაც აუღო ერთობ სახიფათო დარტყმული. 10 წუთში კლოპის გუნდის ბურთის ფლობის პროცენტი უკვე 63 იყო.
მატჩის დამთავრებამდე ნახევარი საათით ადრე კატალონიელებმა სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი და ლეო მესის ორი გოლიც გაიჩარხა: ჯერ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი, მერე კი ისეთი ჯარიმა დაარტყა, აუღებელი რომ ჰქვია.
„ლივერპულმა“ ფრე არა, მაგრამ ერთი-ორი გოლი ალალად დაიმსახურა. მარტო ის რად ღირს, ჯერ რაკიტიჩმა კარიდან რომ გამოიტანა ფირმინოს დარტყმული, მერე კი სალაჰმა 7 მეტრიდან ძელს გაარტყა.
საბოლოო ჯამში სტატისტიკა ამგვარი გახლდათ: სახიფათო მომენტები – 10:10; დარტყმები – 12:15; კუთხურები – 3:5.
„ბარსელონა“ ალბათ გავა ფინალში, მაგრამ ციფრების ეს კორიანტელი ერთი რამის სათქმელად დაგვჭირდა: „ლივერპული“ არაა ისეთი ჯაბანი, რომ ინტრიგა მკვდრად ჩავთვალოთ.