არ აღმოჩნდა ყატარელი ინვესტორების მოთმინება ისეთივე უძირო და უკიდეგანო, როგორც მათი ფინანსური შესაძლებლობები…

Gret French Football იუწყება, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყატარელები ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ თუ საერთოდ არ გაყიდიან, დაფინანსებას მნიშვნელოვნად შეუკვეცავენ. ამგვარი გადაწყვეტილების საბაბი საფრანგეთში ყატარელთა კრიტიკაა. მათი თქმით, უკვე ძალიან ბევრი გააკეთეს ფრანგული ფეხბურთისა და ზოგადად საფრანგეთისთვის, ამ ქვეყნის საფეხბურთო ხელისუფლება კი არც აპირებს ინვესტორთა დაცვას კრიტიკის ქარცეცხლისგან.

მოგეხსენებათ, 2011 წელს ყატარელმა შეიხებმა პსჟ სწორედ მათ ქვეყანაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ჭრილში შეიძინეს, რასაც ერთგვარი სარეკლამო დატვირთვა უნდა ჰქონოდა. პირიქით კი გამოვიდა….

ყატარელები უკმაყოფილონი არიან ფრანგული საგადასახადო სისტემითაც. კლუბის შეძენიდან დღემდე მათ მხოლოდ გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიარდ ევროზე მეტი შეიტანეს. ამას დაუმატეთ ფეხბურთელებში გადახდილი ასტრონომიული თანხები და ასევე კოსმოსური სახელფასო უწყისი – ამის სანაცვლოდ მხოლოდ საფრანგეთის თუნდაც სამარადჟამო ჩემპიონობა დიდი ვერაფერი უკუგებაა.

ზემოთ რომ კრიტიკა ვახსენეთ, ესეც ამის გამოძახილია – განა თავად შეიხები არ დაპირდნენ სრულიად საფრანგეთს ჩემპიონთა ლიგის მოგებას?!

კიდევ ერთი ნიუანსი: ეს განცხადება უკვე მიმდინარე ზაფხულის ტრანსფერებზე იქონიებს გავლენას. პსჟ-ის ფეხბურთელებზე მოთხოვნა კი გაიზრდება, მაგრამ ფასები მკვეთრად დაიწევს. თავად ფეხბურთელებიდანაც ბევრი ალბათ ეცდება, გაურკვეველ პერსპექტივას აქედანვე აარიდოს თავი.

ვითომ დამთავრდა ზღაპარი სახელად პსჟ?