არსენ ვენგერმა და რიო ფერდინანდმა ვირჯილ ვან დიიკის შეცდომას დანაშაულებრივი უწოდეს — ლაპარაკია ლუის სუარესის გოლზე „ლივერპულის” კარში. „კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ბარსელონამ” „ლივერპულს” 3:0 მოუგო. სუარესის გოლი სამიდან პირველი იყო.
ეპიზოდი ალბათ ყველას ახსოვს: ჟორდი ალბამ მარცხენა ფრთიდან ბურთი მერსისაიდელთა საჯარმოში ჩააწოდა, სადაც ყოფილმა ლივერპულელმა ვან დიიკის „ჩაძინებით” ისარგებლა და ის კარში შეაგდო.
ეს გოლი 26-ე წუთზე გავიდა (03:26 VIDEO) და ის იურგენ კლოპის გუნდისთვის დიდი დარტყმა გამოდგა.
მეორე გოლი „ბარსელონამ” 75-ე წუთზე შეაგდო, როდესაც იმავე სუარესის დარტყმული ხარიხას მოხვდა და პირდაპირ მესისთან ჩამოვარდა, რომელმაც დაუცველ კარში შეაგდო; ხოლო 82-ე წუთზე მესიმ დიდებულად შესრულებული საჯარიმო დარტყმით სხვაობა სამამდე გაზარდა.
ფერდინანდმა თქვა: „პირველი გოლი პირწმინდად ვან დიიკის ბრალი იყო. ის ხედავდა სუარესს, რომელმაც თანაგუნდელს აჩვენა, სად უნდოდა პასის მიღება. ეს ნამდვილად არ იყო ბირთვული ფიზიკის სირთულის ამოცანა. როდესაც საჯარომოში მეტოქის 9 ნომერია, ეს შენი კაცია და ყურადღებით უნდა იყო. ვან დიიკი კი სტატიკურად იდგა, რაც დანაშაულებრივი შეცდომა იყო”.
ხოლო ვენგერმა, რომელიც BeINsports-ზე მუშაობს, დასძინა: „ვან დიიკი სუარესზე უნდა გადასულიყო და ყურადღებით ყოფილიყო. საოცარია, მისი დონის ცენტრალურ მცველს ასეთი შეცდომა როგორ მოუვიდა. ეპიზოდის დასაწყისში მისი პოზიცია ცუდი არ იყო, მაგრამ მან ამით ვერ ისარგებლა”.