ანდრეა ანიელი ის კაცია, რასაც გულში ამოიჭრის, აუცილებლად აღწევს. „იუვენტუსის“ ბოსი იმავდროულად ECA (ევროპულ კლუბთა გაერთიანება) თავმჯდომარეც არის, ამ გაერთიანებაში კი 232 კლუბი შედის.
ანიელიმ უკლებლივ ყველა კლუბს დაუგზავნა დოკუმენტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის რეფორმას ეხება. ანიელიმ კლუბებს სთხოვა, 6 ივნისამდე განიხილონ დოკუმენტი და ჩამოყალიბდნენ. ამ დღეს 232 კლუბის წარმომადგენელი მალტაზე შეიკრიბება და სავარაუდოდ, რევოლუციასაც დააანონსებს.
იმავე დღეებში კი სხვა 900 კლუბის წარმომადგენელი მადრიდში შეიკრიბება და იფიქრებს, როგორ დაბლოკოს იუვენტუსის პრეზიდენტის იდეა. იდეა კი ანდრია ანიელიმ ჯერ კიდევ შემოდგომაზე დააანონსა, როცა მოკლედ მოჭრა: „სუპერლიგა არ შეიქმნება!“.
ამ განცხადების გაკეთებისას ანიელის მხარს უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი უმშვენებდა. მათი საერთო მიზანი არამხოლოდ ფიფას და სუპერლიგის, არამედ ინგლისური პრემიერლიგის წინააღმდეგ არის მიმართული.
ახალი ლიგის სტარტად 2022 წელია ნავარაუდევი, როცა პრემიერლიგის ტელეკონტრაქტებს ყავლი გასდის. ამას გარდა, ანიელის გეგმით, ჩემპიონთა ლიგის მატჩები შაბათ-კვირას, ეროვნული ლიგებისა კი შუა კვირაში უნდა გაიმართოს – ესეც კიდევ ერთი დარტყმა პრემიერლიგას.
რაც შეეხება ლიგის ფორმატს: მის ძირითად ბადეში ისევ 32 გუნდი იქნება, მაგრამ 8-ის მაგიერ, 4 8-8-გუნდიან ქვეჯგუფად გაიყოფა. ყველა გუნდი გარანტირებულ 14 თამაშს ითამაშებს. ლიგიდან ყველა ჯგუფის 2 უცუდესი, ჯამში 8 გავარდება. როგორი ფორმატით მოხდება ამ 8 გუნდის ჩანაცვლება, ისევე როგორც ბევრი სხვა დეტალი, ჯერ არ ხმაურდება.
ახლა ბევრი რამ პრემიერლიგის 7 გრანდის პოზიციაზეა დამოკიდებული, რომლებიც ECA- ს წევრებიც არიან და სუპერლიგაშიც ხელგაშლილნი ელიან.