„ტოტენჰემ ჰოთსპურის” ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, დანიელი კრისტიან ერიკსენის მომავალი ჩრდილოლონდონურ კლუბში ბურუსითაა მოცული. მიზეზი: ამბობენ, რომ ნახევარმცველმა „რეალს” ტრანსფერზე სიტყვიერი თანხმობა უთხრა.

„სფურზთან” ერიკსენის კონტრაქტს მოქმედების ვადა ერთ წელიწადში გაუდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ლონდონური კლუბი 27 წლის ვარსკვლავთან ან მალევე გააფორმებს ახალ კონტრაქტს ან ის 12 თვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება და ისე წავა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე” კაპიკსაც არ დატოვებს.

ესპანური გაზეთი AS იუწყება, რომ „რეალი” მზად არის ერიკსენში 130 მილიონი გირვანქა გადაიხადოს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულიც ყოფილა, რადგან მოთამაშეს ზინედინ ზიდანისთვის სიტყვიერი თანხმობა უკვე უთქვამს. ახლა მადრიდელებს „სფურზის” თავმჯდომარე დენიელ ლევისთანღა აქვთ თურმე მოსალაპარაკებელი. „რეალს” და ლევის კი თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება აქვთ — ლუკა მოდრიჩი და გარეთ ბეილი „სანტიაგო ბერნაბეუზე” სწორედ „ტოტენჰემიდან” გადავიდნენ.

მაგრამ, არსებობს წინააღმდეგობაც. კერძოდ, რამდენიმე თვის წინ „რეალი” „სფურზის” არგენტინელი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინიოს გადაბირებას ცდილობდა, რამაც ლევი განარისხა. დამშვიდდა თუ არა მას მერე ბიზნესმენი, ახლა გამოჩნდება.

კრისტიან ერიკსენმა „ტოტენჰემის” შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონში, 9 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გადააწოდა.