„ტოტენჰემი“ – „აიაქსის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის 32-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ამსტერდამელთა საჯარიმოში, საჰაერო ბრძოლისას, ტოტენჰემელთა მცველი იან ვერტონგენი, ნახტომში თანაგუნდელ ტობი ალდერვეირელდს თავით შეეჯახა, სტუმართა მეკარე ონანასგან კი მსუბუქი მუშტი მიიღო.
ექიმები ხუთი წუთის განმავლობაში დასტრიალებდნენ თავს გასისხლიანებულ 32 წლის ბელგიელს. მას ცხვირიც გატეხილი ჰქონდა. რამდენიმე ნაკერი დაადეს და მინდვრიდან გაიყვანეს, სადაც მან სისხლიანი მაისურა გამოიცვალა. მალე ის მინდორს დაუბრუნდა. მწვრთნელისთვის უთქვამს: ყველაფერი რიგზეა, თამაში შემიძლიაო.
მინდორზე გავიდა, მაგრამ მაშინვე ყანყალი დაიწყო, გული აერია და თავბრუ დაეხვა. ჩაიმუხლა, უკვე გრძნობას კარგავდა და მინდვრიდან რამდენიმე ადამიანმა გაიყვანა.
როცა ვერტონგენს კლუბის ექიმები კურნავდნენ, შეწუხებულმა მსაჯმა, ესპანელმა ანტონიო ლაჰოსმა რამდენჯერმე იკითხა: ტვინის შერყევა ხომ არ აქვსო.
ოთხშაბათს მას ტვინის სკანირება ჩაუტარეს და მალე გახდება ცნობილი რამდენად სერიოზულია დაზიანება.
„სარბიელი“ უკვე წერდა ამ პრობლემის შესახებ. გეხსომებათ, წლეულს მარტში, შვეიცარიასთან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში, ჩვენი ჯიმი ტაბიძე და სტუმარი ფაბიან შერი შეეჯახნენ ერთმანეთს. „ნიუკასლის“ მცველმა გონება დაკარგა, იქვე მყოფმა ჯანო ანანიძემ კი ენა დაუჭირა და გადაარჩინა. ევროპულმა მედიამ, შემდეგ ქართველი გმირად შერაცხა.
თუმცა, შერმა შეხვედრა მაინც ჩაამთავრა. ხოლო ტაბიძე მოგვიანებით შეცვალეს. მერე აღმოჩნდა, რომ ორივეს მცირე ტვინის შერყევა მიეღო.
მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით, რამდენად გამართლებული იყო მათი მინდორზე დატოვება?
ბირმინგემის უნივერსიტეტის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თავის ტვინთან დაკავშირებული ნებისმიერი მცირედი ინციდენტიც კი, ძალიან სათუთ გამოკვლევას მოითხოვს. ამას ბოლო დროს უეფაც საგანგებო ყურადღებას აქცევს.
ინგლისში ამბობენ, ყველა საერთაშორისო მატჩს საგანგებო სპეციალისტი უნდა ესწრებოდეს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ზუსტად დაადგენს შეიძლება თუ არა ფეხბურთელმა თამაში გააგრძელოსო.
ტოტენჰემელთა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თავი იმართლა: ეს ექიმებმა გადაწყვიტეს. არსებობს გარკვეული წესები და ჩვენი ექიმები სწორედ ამ წესების მიხედვით მოქმედებდნენ. ძალიან განვიცადე, რადგან ყოველი ფეხბურთელის ჯანმრთელობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მაგრამ მსგავს სიტუაციებში მთავარი ადამიანები მსაჯები არიან და მათი მჯერაო.
თუმცა მავანნი „ტოტენჰემის“ ექიმებს მაინც გადასწვდნენ და ძველი ამბავიც გაიხსენეს. 2013 წელს, „ევერონთან“ პრემიერლიგის მატჩში, მეკარე უგო ლორისი მეტოქეს შჯახებია და გონება დაუკარგავს, თუმცა თამაში მაინც გააგრძელებინესო.