2010-14 წლებში ლუის სუარესი „ლივერპულში” თამაშობდა.

ლუის სუარესი ამბობს, რომ ოდნავი შესაძლებლობა თუ მიეცემა, თავის ყოფილ გუნდს „ლივერპულს” არ დაინდობს — ხვალ, „კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია.

იმავდროულად, ურუგვაელი დარწმუნებულია, რომ მერსისაიდელებს მის ახლანდელ გუნდთან, „ბარსელონასთან”, რა ბედიც გინდა ეწიოს, „ენფილდზე” ახალი ეპოქა დადგება.

31 წლის თავდამსხმელმა „ლივერპულში” ოთხი წელიწადი ითამაშა და იფიცება, რომ კლუბმა მის გულში მარადიული ადგილი დაიმკვიდრა.

— „ლივერპული” ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი კლუბი იქნება, რადგან მან დიდ ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა მომცა, ჩემს განვითარებაში დიდი როლი ითამაშა და რასაკვირველია იმიტომ, რომ საოცარი გულშემატკივარი ჰყავს. მეორე მხრივ, ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, სადაც ჩემთვის მნიშვნელობა ერთადერთ რამეს აქვს — რაც შეიძლება მივაახლოვო „ბარსელონა” თასს” — თქვა ურუგვაელმა.

„ბარსელონაში” გადაბარგებამდე სუარესმა „ლივერპულის” შემადგენლობაში, სიმბოლური 7 ნომრიანი მაისურით, 2010-14 წლებში, 110 შეხვედრაში 69 გოლი გაიტანა.

„ენფილდზე” გატარებულ ბოლო სეზონში, როდესაც გუნდს ბრენდენ როჯერსი წვრთნიდა, სუარესს პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ბოლოწამს, ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი” გახდა.

იმ წელიწადს სუარესის და „ლივერპულის” ტრიუმფს, ბოლოსწინა ტურში ხელი სენსაციურად შეუშალა „კრისტალ პალასმა”, რომელმაც მერსისაიდელებს 0:3 შემოუტრიალა და 3:3 გახადა.

სუარესი: „დღეს „ლივერპული” კვლავ დიდი აღმავლობის პირასაა. ინგლისში ჩემპიონობისთვის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს და ამწუთას შეუძლებელია გამოცნობა, ვინ გახდება ჩემპიონი. მაგრამ, როგორც არ უნდა დასრულდეს შეჯიბრება ფაქტია, რომ „ლივერპული” დიდი წარმატებების წინაშე დგას”.

მიმდინარე სეზონში სუარესმა ლა ლიგაში 21 გოლი შეაგდო, ხოლო „სამეფო თასზე” კიდევ 3 დაამატა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგაში ურუგვაელს ჯერ არ გაუტანია.