უკრაინაში არის ასეთი კლუბი „სუმი“. უფრო სწორად, იყო და აღარ არის. პირველ ლიგაში თამაშობდა და სამუდამოდ შეუჩერეს პროფესიული სტატუსი. უკრაინა ცნობილია ხშირი ჩაწყობებით. ნეტავ სადღა არ არის, მაგრამ უკრაინა ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა. ხშირადაა სკანდალები.
აღმოჩნდა, რომ „სუმის“ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 30 გარიგებული თამაში ჩაუტარებია და ჯამში ამ „შავი საქმით“ 10 მილიონი ევრო უშოვნია. ამის შესახებ აცხადებს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სამართლიანობისთვის ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე ფრანჩესკო ბარანკა. „სუმი“ არბიტრებსა და მეტოქეს ყიდულობდა, მერე კი მიდი-მოვდივარ, დიდი ფსონები. თავიდან მეტოქისა და მსაჯის მოსყიდვით დაუწყიათ, მერე კი თავად დაუწყიათ სპეციალურად წაგებები. ბარანკას თქმით, ორმაგ თამაშს თამაშობდნენ.
გარიგებული მატჩებისთვის ფეხბურთში სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს „სუმის“ პრეზიდენტ როსტისლავ კოზარს და იგივე ელის გუნდის ყოფილ მწვრთნელ ალექსანდრ სევიდოვს. ცნობილი სპეციალისტია, არაერთ კარგ უკრაინულ გუნდში მუშაობდა. მათ შორის, ქართველებსაც წვრთნიდა.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ სამუდამოდ აუკრძალა საფეხბურთო საქმიანობა კოზარს, ასევე „სუმის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე მარტიუკს და ფეხბურთელებს: ლუგოვოის, დავიდოვს, დურაის და გერაშჩენკოვს.
ფეხბურთელებს: დავით კოხიას, არტიომ შტანკოს, ირაკლი ციკოლიას, იაროსლავ რაფალსკის, ვლადისლავ შარაის, დმიტრი ბოგაჩევსა და არტიომ კოზლოვს 1 წლით აეკრძალათ ფეხბურთში საქმიანობა.
ფეხბურთელებს: დავით კოხიას, არტიომ შტანკოს, ირაკლი ციკოლიას, იაროსლავ რაფალსკის, ვლადისლავ შარაის, დმიტრი ბოგაჩევს, არტიომ კოზლოვსა და ნიკოლაი ვეჩურკოს ფეხბურთში საქმიანობა პირობითად 3 წლით აეკრძალათ.
ფეხბურთელებს: დავით კოხიას, არტიომ შტანკოს, ირაკლი ციკოლიას, იაროსლავ რაფალსკის, ვლადისლავ შარაის, დმიტრი ბოგაჩევს, არტიომ კოზლოვსა და ნიკოლაი ვეჩურკოს მიეცათ 2 წლით გამოსაცდელი ვადა და ამ დროის განმავლობაში თავისი საქციელით უნდა დაამტკიცონ, რომ გამოსწორდნენ;
„სუმის“ შეუძლია უახლოესი 10 დღის განმავლობაში შეიტანოს აპელაცია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის სამსახურში.
რამდენიმე თვის წინ უკრაინაში სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს 6 ფეხბურთელს, მათ შორის, „სუმის“ სამ წევრს. ამ ვიდეოში ბარანკაც და სხვებიც საუბრობენ ჩაწყობილ თამაშებზე.
შარშან „სუმის“ რამდენიმე მატჩი მოხვდა შავ სიაში. მაგალითად, „დესნასთან“ 0:2 წაგებული…
ბარანკა: „სხვათა შორის, „სუმის“ შემთხვევა ევროპულ ფეხბურთში ერთ–ერთი ყველაზე რეზონანსულია. მსგავსი იყო ფინეთში და ასევე, ალბანეთში, სადაც „შკენდერბეუ“ დაისაჯა. ისე, იტალიაში გაცილებით მეტი კორუფციაა, ვიდრე ამჟამად უკრაინაში. იტალიაში ფეხბურთელებისთვის თხოვნა არ სჭირდებათ. პირიქით, თვითონ მიდიან ზემდგომ პირებთან წინადადებით, ფსონებზე ხომ არ ვითამაშოო“.
საერთოდ, ბარანკა საინტერესო ამბებს ჰყვება ინტერვიუში და აი, ამონარიდებსაც გთავაზობთ:
– უკრაინაში ფსონების საერთო ჯამი სიგიჟეს აღწევს, კვირაში დაახლოებით 80 მილიარდს. ეს უკრაინის წლიური ბიუჯეტია. ამ დილას საინტერესო რამ მოხდა. ვიღაც ხარკოველმა პიროვნებამ დიდი თანხა დადო ვიეტნამის 19–წლამდელთა ჩემპიონატზე. მატჩი იოლად პროგნოზირებადი იყო და ხარკოველმაც საკმაოდ მოიგო.
– ფეხბურთის მერე სპორტის ყველაზე ბინძური სახეობა რომელია?
– ჩოგბურთი. ახლა ბევრი უკრაინელი, რუსი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან არაერთი ქალია, რომლებიც თამაშს ყიდიან. თითო გეიმში თითო ქულას იძლევიან, ან მთლიანად გეიმს ყიდიან. არის ერთი ცნობილი რუსი ჩოგბურთელი ქალი, ამერიკის ღია პირველობაზე სპეციალურად წააგო… სადაც ერთი ერთზეა, იქ უფრო იოლია გარიგება. ეს სხვა სახეობებსაც ეხება.
– უკრაინულ ფეხბურთში გარიგებული მატჩების პროცენტული მაჩვენებელი როგორია? – წლეულს იკლო. 1 იანვრიდან ერთი მატჩი გვქონდა საეჭვოთა სიაში, ასევე ერთი ფუტსალისაც. მთელ მსოფლიოში კი 55 დღეში 250 ინციდენტი მოხდა, ანუ დღეში საშუალოდ 5.
– უკრაინის რომელი ლიგაა ყველაზე ბინძური?
– პრემიერლიგაში ნაკლებადაა ჩაწყობა. თასზეც. აი, პირველი ლიგა კი სრული კატასტროფაა. კიდევ უფრო დიდი კატასტროფა იყო 19–წლამდელთა ლიგა მეორე დივიზიონში, თუმცა იქ ფსონები აიკრძალა და დღესდღეობით სუფთაა.
– თქვენს კომიტეტში რამდენი კაცი მუშაობს?
– შვიდნი, მაგრამ ერთად არ ვიკრიბებით. ან Mail-ით, ან სკაიპით ვკონტაქტობთ. სტადიონზე რომ სკაუტები დადიან, ჩემი მტრები არიან. არ ვგულისხმობ იმ სკაუტებს, ფეხბურთელებს რომ აკვირდებიან. მათზე ვამბობ, რომლებიც ბუკმეკერებს გადასცემენ მონაცემებს. ვცდილობთ მათ ბლოკირებას. 2014 წელს საშინელი და ამასთან, სასაცილო ისტორია მოხდა. Federbet–ში ვმუშაობდი. საეჭვო ფსონები შევნიშნეთ პორტუგალიის „ფრეამუნდესა“ და ესპანურ „პონფერადინას“ ამხანაგურ მატჩში. ესპანეთის ლა ლიგის ოფისში დავრეკეთ და ვუთხარით, რომ მათი კლუბი რაღაცას მაიმუნობდა. გვითხრეს, რომ გამოიკვლევდნენ და დასჯიდნენ. კლუბში დარეკეს და აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში არანაირ მატჩს არ ატარებდნენ, საუზმობდნენ. აღმოჩნდა, რომ ვიღაც X პიროვნებამ შეაგროვა 22 ბიჭი, ჩააცვა „იუვეს“, “რეალის“ თუ „ბარსას’ მაისურები და ათამაშა, ხოლო სკაუტი, რომელიც იქ „მატჩს“ ესწრებოდა, ონლაინს გადასცემდა საიტისთვის. გოლები, კუთხურები, აუტები და ასეთები.