ასე დაინიშნა პენალტი „რეალის” კარში

„რეალის” კრიზისი გრძელდება. კვირას „თეთრებმა” თანაქალაქელ „რაიო ვალეკანოსთან” წააგეს 0:1. ამ გამარჯვებით „რაიომ” ლა ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი შეინარჩუნა, „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს კი  Movistar + თან ინტერვუში და მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მწარე ლაპარაკი მოუხდა.

„რაიოს” შესახებ: მათ ეს გამარჯვება სჭირდებოდათ და მიაღწიეს კიდეც. „რაიო ვალეკანომ” ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც წესით ჩვენ უნდა გვეთამაშა. ჩვენ კი პირველიდან ოთხმოცდამეათე წუთამდე მოედანზე საერთოდ არაფერი გვიკეთებია და ამაში მხოლოდ ფეხბურთელებს ვერ დავადანაშაულებ. შემადგენლობა მე შევარჩიე, შეცვლები მე განვახორციელე… წაგებაში მე ვარ დამნაშავე!

თამაშის შესახებ: როდესაც პირველიდან ოთხმოცდამეათე წუთამდე არაფერს აკეთებ, ესე იგი მოედანზე არც არსებობ. რასაკვირველია, იქ ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ მეც ვალდებული ვიყავი რაღაცები წინასწარ მეფიქრა და გამეთვალისწინებინა. ყველაფრისთვის, რაც დღეს გავაკეთეთ, ბოდიში უნდა მოვხადოთ. ერთი-ორი ფეხბურთელის დადანაშაულებას აზრი არ აქვს. ყველანი ერთ ნავში ვართ და საჩვენოდ რაიმე დადებითის პოვნას ვერ შევძლებთ. ეს იყო ნული!

მომავალი: ამ ჩემპიონატში სამი თამაში დაგვრჩა, რომლებიც განსხვავებულად უნდა ჩავატაროთ. სეზონი ისე უნდა დავამთავროთ, რომ ჩვენი თამაშით ყველას პატივი ვცეთ, ჩვენს გულშემატკივარსაც და მეტოქეებსაც. ახლა ყველაფერი გართულდა. ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რაც დღეს მოხდა.

ხომ არ ნანობთ: ერთი წუთითაც არ ვნანობ „რეალში” რომ დავბრუნდი. ფაქტია, ხანდახან კრიზისული მომენტებიც არსებობს. ასე თამაში არ შეიძლება.

რა უთხარით ფეხბურთელებს: ის რაც მე ფეხბურთელებს ვუთხარი, გასახდელში დარჩა. დღეს ვერაფერში ვივარგეთ. არც მოვინდომეთ, არც ორთაბრძოლებში გამოვიჩინეთ თავი, არც სირბილში…

„ბარსელონას” 18 ქულით ჩამორჩებით: ამას ახსნა არ აქვს. ახლა სამად სამი ტური დარჩა. მორჩა, ჩემპიონატი დამთავრებულია. „ხეტაფესთან” ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ რაღაც ხელჩასაჭიდი მაინც იყო; რაღაც ბილბაოსთანაც დავინახე; დღეს კი საერთოდ არაფერი გვიკეთებია. პირველიდან ოთხმოცდამეათე წუთამდე ნული იყო.

ბეილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ გონებით მადრიდში იყო. ჰკითხეთ, როცა შეხვდებით.

ლა ლიგა დასრულდა: დიახ, მაგრამ ჩვენ რამე უნდა ვიღონოთ. ასე დასრულება არ შეიძლება. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა კი მე, რაღაცის შეცვლა გვმართებს. ასეთი იმიჯი დაუშვებელია. კლუბს და ზოგადად ფეხბურთს უნდა ვცეთ პატივი. ჩვენ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და სეზონი ისე დავასრულოთ.

მოთამაშეების დაცვა ძნელია: მე მათ ყოველთვის ვიცავდი, მაგრამ დღეს ამის გაკეთება არ შემიძლია. ასეთია რეალობა. ასეთი ფეხბურთის თამაში არ შეიძლება, მაგრამ, ვიმეორებ, ეს მარტო მოთამაშეების ბრალი არ არის. იმაში, რომ ყველაფერი უკუღმა გავაკეთეთ, მე ვარ დამნაშავე.

ვარანი დარჩება: გაბრაზებული ვარ, რადგან ჩვენს თამაშში ვერაფერი დავინახე. ასეთ დონემდე „რეალი” არასდროს უნდა დაეცეს. იმის მიუხედავად, რომ ამ სეზონში ბევრო პრობლემა გვქონდა, არ მესმის ამ დონეზე რამ დაგვიყვანა. ერთადერთი დადებითი ის არის, რომ რაფაელ ვარანი რჩება.