ოთხშაბათს, „ლივერპული”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სტუმრად ეთამაშება „ბარსელონას”. 1980-იანი წლების შოტლანდიელი მცველი, მერსისაიდელთა ერთ-ერთი ლეგენდა სტივ ნიკოლი ამბობს, რომ იურგენ კლოპი ამ შეხვედრაში ლეო მესის პერსონალურ მეურვეობას არ დაუწესებს.

„საამისოდ ორი მიზეზი არსებობს, — თქვა ნიკოლმა, — ჯერ ერთი, ეს კლოპის სტილი არ არის. კლოპი ერთ მოთამაშეზე, თუნდაც ეს ერთი მოთამაშე ლეო მესი იყოს, მთელ სისტემას არ ააგებს. მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ ბიჭის წინააღმდეგ ბევრმა სცადა პერსონალურად თამაში, მაგრამ წარმატებას ვერავინ მიაღწია.

რატომ უნდა აურიო შენს გუნდს თავგზა ისეთი ტაქტიკის შერჩევით, რომელიც აუცილებლად უნაყოფო გამოდგება და ამის გამო ყველაფერი ყირაზე დაგიდგება?

როდესაც მესის მაგვარ მეტოქეს ეთამაშები, გეგმა ასეთი უნდა იყოს: იმის მიხედვით, მოედნის რომელ მონაკვეთზე გადაადგილდება ის, მისი დაკეტვა შესაბამისი ამპლუის ფეხბურთელმა უნდა სცადოს. თუ, მაგალითად, მესი მოედნის შუაში მოხვდება, მის წინააღმდეგ ცენტრალურმა ნახევარმცველმა უნდა ითამაშოს. თუ ფლანგზე გადავა, მას ყურადღება ფრთის მოთამაშემ უნდა მიაქციოს. ხანდახან საქმეში ჩართვა ცენტრალურ მცველსაც მოუწევს.

მოკლედ, ამ საქმეში ყველაფერი სხარტ გონებაზეა დამოკიდებული. და „ლივერპულს” საბედნიეროდ ჰყავს კიდეც სხარტი ფეხბურთელები. სწორედ ამიტომ ვიბრძვით პრემიერლიგის ტიტულისთვის და ჩემპიონთა ლიგაშიც ასე შორს ვართ გასულები”.

წილი
წინა სტატიამესი ჩემპიონია!
შემდეგი სტატიაეს იყო ნული!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...