„ბარსელონამ” „ლევანტეს” 1:0 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ხოლო ტრიუმფის გოლს ვინ გაიტანდა თუ არა ლეო მესი, რომელმაც მეათედ აღმართა ამ ქვეყნის საფეხბურთო გვირგვინოსნისნისთვის განკუთვნილი ჯილდო. არგენტინელმა პრიმერას ტიტულების რაოდენობით გადაასწრო ანდრეს ინიესტას (9) და ჩავის (8). ახლა მას მოქმედ ფეხბურთელთა შორის მდევარიც კი აღარ უჩანს. ერთადერთი, რაც ლეომ შემდეგ მიზნად შეიძლება დაისახოს, ლეგენდარული ესპანელის პაკო ხენტოს რეკორდის გაუმჯობესებაა — მადრიდელი კარიერის მანძილზე თორმეტჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
მესის ხენტოს რეკორდის გაუმჯობესება რასაკვირველია ხელეწიფება, თუმცა ამას სულ მცირე კიდევ ორი ჩემპიონატი დასჭირდება. სამაგიეროდ, არის ერთი ინდივიდუალური რეკორდი, რომლის მოხსნაც „ბლაუგრანას” ათ ნომერს ამ სეზონშივე შეუძლია. ლაპარაკია, ერთი კლუბის მაისურით მოგებული ტიტულების რაოდენობაზე.
მესი სადღეისოდ 34 ჯილდოს მფლობელია: 10 ლა ლიგა, 4 ჩემპიონთა ლიგა, 6 სამეფო თასი, 8 ესპანეთის სუპერთასი, 3 ევროპის სუპერთასი და 3 კლუბთა მსოფლიო თასი.
არგენტინელზე ორი ტიტულით მეტი აქვს „მანჩესტერ იუნაიტედის” უელსელ ვარსკვლავს, აწ უკვე ვეტერან რაიან გიგზს: 13 პრემიერლიგა, 10 ქომუნითი შილდი (ანუ ინგლისის სუპერთასი), 4 ლიგის თასი, 4 ფეხბურთის ასოციაციის თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერთასი, 1 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 კლუბთა მსოფლიო თასი.
როგორც მოგახსენეთ, მესის მიმდინარე სეზონშივე შეუძლია გიგზის რეკორდის გამეორება. ამისათვის მან ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სამეფო თასი (ფინალში, 25 მაისს, „ბარსელონა” „ვალენსიას” ხვდება) უნდა მოიგოს.
რაც შეეხება არა ერთ კლუბში, არამედ ზოგადად, ყველა კლუბსა და ნაკრებში მოპოვებული ტიტულების რაოდენობას, აქ ჯერჯერობით უპირობო ლიდერი მისი ოდინდელი თანაგუნდელი, ბრაზილიელი დანი ალვეშია. ალვეშმა „ბაიაში”, „სევილიაში”, „ბარსელონაში”, „იუვენტუსში”, „პარი სენ ჟერმენსა” და ბრაზილიის ნაკრებში 42 ჯილდო მოიგო.