მოდგა მაისი და მორიგი პრემიერლიგის ბოლოც. ჩემპიონობისთვის ჭიდაობაა, ოცდაათი წლის დამშეული ლივერპული ერთი ქულით ჩამორჩება მოქმედ ჩემპიონ სიტის, რომელმაც დერბი მოუგო „იუნაიტედს“ „ოლდ ტრეფორდზე“ და პირველ სტირქონზე დარჩა. შობის შემდეგ „ლივერპული“ ხუთი ქულით წინ გაიჭრა, მაგრამ ეს ქულები ზამთარშივე დაკარგა.

ასეთ დროს დარჩენილ თამაშებს ჩამოწერენ ხოლმე და სავარაუდო ხინჯებსაც ამ სიაში ეძებ. ბოლო ტური ერთ დღესაა, მანამდე კი „სიტის“ „ლივერპულის“ შედეგი ეცოდინება ხოლმე.

რიგი კი ასეა ჩაწყობილი: „ლივერპული“ სტუმრობს უვარგის „ნიუკასლს“ და  ბოლო ტურში მასპინძლობს ბოლო დროს აწყვეტილ „ვულვზს“, რომელიც მეშვიდე ადგილსთვის ებრძვის „უოტფორდსა“ და „ევერტონს“. თავი რომ მოიკლას, ვერც ერთი ამ სამთაგანი მეექვსე ადგილზე ვერ გავა – იქ „იუნაიტედია“, რომელსაც, ალბათ, კი უნდა, რომ მეოთხემდე ამაღლდეს, მაგრამ სულშერის ხელში პირველი 11 თამაშიდან 10 კი მოიგო, თუმცა ბოლო 9-დან 7 წააგო რაგინდარა შეჯიბერებაში.

მეშვიდე ადგილი  კი პრემეირლიგაში საომარი და საპატიო ადგილია. ასე, რომ „ვულვზი“ სტუმრად თავს დააკლავს იმ ბოლო დღეს „ლივერპულთან“.

„სიტის“ კი დარჩა გასვლა ბარნლისთან, რომელიც პრაქტიკულად აღარ ვარდება, მერე – შინ „ლესტერთან“, რომელიც ასევე იბრძვის იმ მეშვიდე ადგილსთვის და სამი ქულით ჩამორჩება „ვულვზს“ და ბოლოს კი სტუმრობს „ბრაიტონს“,  რომელსაც იმ დროს წესით ეცოდინება, ვარდება თუ არა, რადგან სამი ქულით უსწრებს ბოლოდან მესამე ადგილზე მყოფ „კარდიფს“.  

ამას ემატება ისიც, რომ „ლივერპული“ ჩემპიონათა თასისთვისაც იბრძვის და გუნდს არ დავასახელბთ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომაა, იმასთან ორჯერ აქვს სათამაშო. „სიტისაც“ აქვს ერთი თამაში, ასოციაციის თასის ფინალი უემბლიზე „უოტფორდის“ წინააღმდეგ.

იმის მოლოდინი, რომ „ლივერპული“ ვერც ჩემპიონთა თასს აიღებს და ვერც ჩემპიონი გახდება უფრო დიდია, ვიდრე იმის მოლოდინი, რომ თუნდაც რომელიმე ტიტულს მოიგებს.  

თუმცა, მოლოდინი არაფერს ნიშნავს. ელოდე და იყავი. მით უმეტეს, რომ ლივერპული ბრწყინვალე ფორმაშია. უბრალოდ, ორივე ფრონტზე ის მეორე ნომერია და ცხირილიც ისეთია, რომ იურგენ კლოპს დიდი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

„ნოუ კამპზე“ რომ ითამაშებს, იქედან მესამე დღეს „ლივერპული“ „სენტ ჯემისიზ პარკზე“ უნდა გავიდეს სათამაშოდ. მერე კიდევ, „ბარსელონას“ რომ უმასპინძლებს, ასევე მესამე დღეს „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ უნდა გავიდეს მინდორზე.

მთელს ამ ამბავში მთავარი „ბარსელონასთან“ მატჩებია. იმ მხრივ, რომ პარასკევს „ლივერპული“ „ჰადერსფილდს“ მოერია და კატალონიაში გაფრინდება. იქ რაც მოხდება, ყველაფერს ის დაასვამს დაღს. ახლა კლოპის თავში ჩახედვაა საინტერესო. რაები ტრიალებს. რაები აღარ, უფრო სწორად. ვინ ჩაგახედებს, ახურავს ის ქუდი და არ იხდის. კი გამოზაფხულდა, მაგრამ მაინც. ისე კი, კაცმა არ იცის, ლივერპულში ჩემპიონობა უფრო გაეხარდებათ თუ ჩემიონთა თასის ფინალში „ბარსელონას“ გავლით შესვლა. ეს კი მგონია, რომ თუ იმ ფინალში გააღწევს, „ლივერპული“ თასს აღარავის დაუთმობს. აღარავის, რა, იმ ორიდან არც ერთს.

დიდი შიმშილი და დიდი მოლოდინი დგას კოპზე. კი ამბობენ, რომ კლოპი ფინალების წამგები კაციაო, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე…

წილი
წინა სტატიაიგორ კოკოშკოვის დეპორტი
შემდეგი სტატიაბურჯთა ამბები
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.