აზერბაიჯანის ფორმულა 1-ის წლევანდელი ეტაპი ინცინდენტით დაიწყო. ბაქოს ტრასაზე პირველი თავისუფალი ტესტისას, „უილიამსის“ ბრიტანელმა პილოტმა ჯორჯ რასელმა, ცუდად მიმაგრებულ სადრენაჟო ჭის თავსახურს გადაუარა და ბოლიდის ძირი მნიშვნელოვნად დააზიანა. ვიდეოგამეორებაზე კარგად ჩანს, რომ მანქანას კინაღამ ცეცხლი მოედო.

პირველი ტესტი ამით შეწყდა. ორგანიზატორებმა უსაფრთხოების მიზნით, ვარჯიშის გადადება გადაწყვიტეს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლუქი რასელის წინ მრბოლავი „ფერარის“ პილოტის, შარლ ლეკლერის ტესტისას დაზიანდა.

„თავს კარგად ვგრძნობ. ძრავი გამოირთო და ლუქმა ბოლიდის ძირი დააზიანა. არადა, ჩვეულებრივი სისწრაფით მივდიოდი,“ – უთხრა შემდეგ რასელმა BBC-ის.

სხვათა შორის, ევაკუაციისას, ამწე საფეხმავლო ხიდს შეეჯახა და გატყდა, ბოლიდიც კიდევ უფრო დაზიანდა. ორგანიზატორებმა სხვა ევაკუატორი გამოიძახეს.

სააგენტომ ბაქოს ტრასის ნახაზიც გამოაქვეყნა, სადაც სულ ხუთი ჭაა.

ცნობილია, რომ რბოლისას, ფორმულა 1-ის ბოლიდის ძირზე მაღალი წნევა იმ ნიშნულამდე აღწევს, რომ თავისუფლად შეუძლია ჭის სახურავი ზემოთ ამოაგდოს და დააზიანოს. ამიტომ ყოველი რბოლის წინ ჭებს საგანგებოდ ამოწმებენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის ფორმულა 1-ის ისტორიაში, როცა ჭა დაზიანდა. ასეთი რამ შეემთხვათ მონტე კარლოს 2016  წლის გრან პრიზე ჯენსონ ბატონსა და ნიკო როსბერგს. რუბენს ბარიკელოს 2010-ში, იმავე მონაკოში. ხუან-პაბლო მონტოიას ჩინეთში, 2005-ში და ასე შემდეგ.

ბაქოს ფორმულა 1-ის გრან პრი 2017 წლიდან ტარდება. წლეულს მას სახელი შეეცვალა და SOCAR Azerbaijan Grand Prix დაერქვა.

 

წილი
წინა სტატიასად არის აზარი?
შემდეგი სტატიაეს მამაშენს ჰკითხე
სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.