ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) ოფისში ჩატარდა ერთა ჩემპიონატის წილისყრა. მოგეხსენებათ, შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს 12 ეროვნული ნაკრები მონაწილეობს 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები მოხვდა B ჯგუფში, სადაც მის გარდა ითამაშებენ: აშშ, ირლანდია, ბულგარეთი, მალტა და ნიგერია.
A ჯგუფში იქნებიან: დიდი ბრიტანეთი, კოლუმბია, ჩინეთი, კუბა, ინდოეთი და აზერბაიჯანი.
შეჯიბრებაში მონაწილე 6 ევროპული გუნდი იმავდროულად გაითამაშებს ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის საგზურს.
IHF ერთა ჩემპიონატი მესამედ ტარდება. წინა ორი გათამაშება, 2015 წელს კოსოვოში და 2017 წელს ბულგარეთში, ფარერის კუნძულების ნაკრებმა მოიგო.