ყოველგვარი გამოკიხთვა ერთგვარად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და სათავეშივეა ჩადებული გარკვეული უსამართლობის ელემენტი. ასე არ არის? როგორ შეიძლება ერთი ადამიანი იმდენად სჯობდეს სხვებს, რომ ულაპარაკოდ საუკეთესოდ დაასახელო. ეს იგივეა, ერთი საყვარელი წიგნის, ფილმის ან სიმღერის ამორჩევა რომ გთხოვოთ ვინმემ.

აი, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრების სია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე საკამათო კანდიდატია.

მაგალითად, მეკარის პოზიციაზე „სიტის“ ბრაზილიელი ედერსონი დაასახელეს. მაშინ, როცა მისმა თანამემამულემ, ლივერპულელმა ალისონმა მეტი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა. სიაში მოხვდა „მანჩესტერის“ ფრანგი პოლ პოგბაც, რომელმაც, რბილად რომ ვთქვათ, არასტაბილური სეზონი ჩაატარა და ერთი ხანი, მოურინიუს ეპოქაში, ძირითადშიც ძნელად ხვდებოდა ხოლმე. სამაგიეროდ, სიმბოლურში ვერ მოხვდნენ ედენ აზარი და მოჰამედ სალაჰი.

განსაკუთრებით ჩელსის მთავარვარსკვლავი ბელგიელის სიაში არყოფნაა უცნაური. წლეულს ხომ ის ლამის საუკეთესო სეზონს ატარებს კარიერაში. აგერ, მადრიდის „რეალი“ კვირაში ჯამაგირად 400 ათას გირვანქას სთავაზობს, თუკი ზაფხულში მათთან გადავა. ეს კი ნიშნავს, რომ ედენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

აზარი საგოლე გადაცემების (ე.წ. ასისტების) ხელოვნებითაც გამოირჩევა. წლევანდელ სეზონში მას 13 ასისტი მოუგროვდა. ამდენივე აქვს „ოქროს ბურთის“ ხუთჯერ მომგებ ლეო მესის და „დორტმუნდის“ ჭაბუკ ინგლისელ ჯეიდონ სანჩოს.

მესის რომ ასისტებში გაუთანაბრდები უკვე სასახელო ამბავია. მაშ რაშია საქმე?

PFA -ს სეზონის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

ედისონი; ალექანდერ -არნოლდი, ვან დეიკი, ლაპორტი; რობერტსონი, ფერნანდინიო, პოლ პოგბა, ბერნარდო სილვა;  სტერლინგი, აგუერო, მანე