„სანი” წერს, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედს” ერთიანობას ურღვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში მას უეჭველად გაყიდიან. თურმე, საკუთრივ ფეხბურთელები შიშობენ, რომ ოლე გუნარ სულშერი ფრანგს აღვირს ვერ ამოსდებს, რადგან საამისოდ პიროვნული სიმტკიცე არ ეყოფა.

პოგბას თანაგუნდელებისთვის დაუფარავად უთქვამს, „მანჩესტერ იუნაიტედიდან” პირველად შვიდი წლის წინ წავედი და მას მერე გუნდს წინ ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამსო. მერე კი თურმე დასძინა, ძალიან მეეჭვება სულშერი ის კაცი იყოს, ვინც აქაურობას სჭირდებაო.

„ოლდ ტრეფორდიდან” გამოსული ეს ამბები ცხადია „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს ახარებს, რომელსაც თანამემამულის მადრიდში გადაყვანა სურს. „სანი” კი ექსკლუზიურად აცხადებს, რომ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ „მანჩესტერ იუნაიტედთან” მოლაპარაკებები შეწყვიტა. რაიოლა „იუნაიტედთან” პოგბას კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა, მაგრამ ცივად შეუწყვეტია. მიზეზი: ფეხბურთელს „ოლდ ტრეფორდზე” გული არ უჩერდება და გაქცევაზეაო, წერს გაზეთი.

არადა, თუ გახსოვთ, სამი კვირის წინ სულშერი ამბობდა, პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავლისთვის საკვანძო ფიგურააო. ზოგადადაც, ნორვეგიელი, თანამდებობაზე ჟოზე მოურინიუს შეცვლის შემდეგ, პირველ პერიოდში ფეხბურთელებს ქებით ანებივრებდა.

„სანი” ხაზს უსვამს, რომ მაშინ სულშერი დროებითი მწვრთნელი იყო, ახლა კი ნამდვილ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ტონიც შეცვალა — ეტყობა, ამ ხერხით ძალაუფლების განმტკიცებას ფიქრობსო. ძალაუფლების განმტკიცება და რეფორმები კი „მანჩესტერ იუნაიტედში” ნამდვილად საჭიროა, რადგან გუნდმა ბოლო 9 თამაშიდან 7 წააგო.

როგორც გაზეთი წერს, პოლ პოგბა „ოლდ ტრეფორდის” გასახდელში გავლენიანი ფიგურაა და მის მოთოკვას მკაცრი ხელი სჭირდება. ფრანგი მოედანს მიღმა დიდწილად თვითრეკლამით არის დაკავებული, ხოლო როდესაც „მანჩესტერ სიტისთან” საქმეს დასჭირდა (0:2), თავი ვერაფრით გამოიჩინა.

„სანმა” აგრეთვე შეიტყო, რომ ერთი ტურით ადრე, „ევერტონთან” 0:4 დამარცხების შემდეგ, გასახდელში ფეხბურთელებს პოგბასთან შელაპარაკება მოსვლიათ.