არის ასეთი ჩოგბურთელი – მარკო ტრუნგელიტი. დღეისათვის მსოფლიოს 139-ე ჩოგანია და ათწლიან საჩოგბურთო კარიერაში მილიონიც ვერ მოუგროვებია, მაგრამ ისეთი საინფორმაციო ბომბი ააფეთქა საჩოგბურთო სამყაროში, კარგა ხანია პირზე ყველას მისი სახელი აკერია. ამაზე მოგვიანებით, მანამ კი შეგახსენებთ, რა მიზეზით გავაცანით შარშან მარკო „სარბიელის“ მკითხველს.

2018 წლის „როლან გაროსზე“ მარკო ტრუნგელიტი მაშინ დაუშვეს, როცა ტურნირი უკვე დაწყებული იყო და თავად ჩოგბურთელი ბარსელონაში იმყოფებოდა. დაუფიქრებლად მოახტა მანქანას, ცხრა საათი გზაში იყო და პარიზში მაშინ ჩავიდა პირველი სათამაშო დღე რომ დასრულებული იყო – 23:50 საათზე.

რამდენიმე საათი წაუძინა, დილის 11 საათზე კორტზე გავიდა და ბერნარდ ტომიჩს მოუგო. საინტერესოა, რომ პარიზამდე მანქანით 88 წლის ბებოსთან ერთად იმგზავრა და მატჩზეც ხელმკავით მიიყვანა ტრიბუნამდე. ასე გაიცნო არასაჩოგბურთო სამყარომ უცნაური არგენტინელი ბიჭი.

თურმე, ჯერ სად ხარ?!

ამას წინათ მარკო TIU-ს (საჩოგბურთო ანტიკირუფციული სამსახური) დაუკავშირდა და აცნობა, რომ მას გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა შესთავაზეს, უარის მიღების შემდეგ კი მუქარის წერილების გაგზავნა დაუწყეს. მარკო იძულებული გახდა, ოჯახი არგენტინიდან უფრო უსაფრთხო ანდორაში გადაეყვანა, იქამდე კი სქემა მაინც გაშიფრა: გარიგებული მატჩების ორგანიზატორები ჩოგბურთელს ერთადერთხელ ხვდებიან და პირობებს ათანხმებენ. ამის შემდეგ მითითებას ის მხოლოდ ტელეფონით იღებს მატჩის წინა დღეს. რაც შეეხება თანხებს, ყოველგვარი საბანკო ოპერაციები გამორიცხულია. სპორტსმენის წილს ნაღდი ფულის სახით მის მიერვე დასახელებულ ნდობით აღჭურვილ პირს გადასცემენ.

აი, „წილი“ კი ნამდვილად სოლიდურია. გარიგებულ მატჩში მონაწილეობა „ფიუჩერსის“ კატეგორიის ტურნირებზე 2-3 ათასია, „ჩელენჯებზე“ 5-10 ათასი, ATP-ის ტურნირებზე კი 50-100 ათასი. თავად განსაჯეთ, რამხელა ცდუნებას გაუძლო ტრუნგელიტიმ, რომელიც წლიურად მხოლოდ 60-70 ათასს თუ შოულობს.

საჩოგბურთო სამყაროში მალევე გახმაურდა, ჩვენს რიგებში TIU-ს აგენტი გამოჩნდაო. დამცველებიც გამოუჩნდნენ: ლეონარდო მაიერი, ფედერიკო დელბონისი, გვიდო პელა. იყვნენ ისეთებიც (გაცილებით მეტნი), ვინც სალამსაც აღარ აძლევდა. მათ შორის ფედერიკო კორია, ნიკოლას კიკერი, პატრისიო ერასი. მერე მარკომ თქვა, ხელის არჩამომრთმევთა ოდენობით მივხვდი, რამდენად დიდია გარიგებების მასშტაბიო.

ეს ისტორია რამდენიმე დღის წინ ისევ აქტუალური გახდა. მარკოს მეუღლემ La Nacion-ს განუცხადა, ბოიკოტის გამო მარკო მუდმივად დეპრესიაშია და მოულოდნელად უკვე მოშუშებული ტრავმებიც გაუმიზეზდაო. ყველაზე მეტად ტრუნგელიტის ის თრგუნავს, რომ TIU-ჩინოვნიკებმა მისგან ყველაფერი გამოწურეს და მერე მედიას და საკუთარ კოლეგებს საჯიჯგნად მიუგდესო…

წილი
წინა სტატიაგანლაგება 1-1-1-1-3-3
შემდეგი სტატიაპოგბა და იუნაიტედის პრობლემები
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".