„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრის შემდეგ „იუნაიტედის ფეხბურთელები სოციალურ მედიაში გულშემატკივრებმა დაუნდობლად გააკრიტიკეს. იყო დაცინვაც, რისი მიზეზიც „ქალაქელი” ლეროი სანეს მიერ 66-ე წუთზე გატანილი გოლის დროს მასპინძელთა დაცვის ხაზის არაბუნებრივი განლაგება გახლდათ.
ფოტოზე კარგად ჩანს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ოთხი მოთამაშე ნაცვლად იმისა, რომ კარის გასწვრივ განლაგებულიყო, ვერტიკალურად დადგა, რამაც ხალხს დაცვის ახალ ტაქტიკაზე ხუმრობის სურვილი გაუჩინა.
„ამას ვერტიკალური დაცვა ჰქვია და მას სიგანეზე პასების ჩასაჭრელად იყენებენ, მაგრამ არავინ ელოდა მეტოქე დიაგონალურ გადაცემას თუ მოიფიქრებდა” — დაწერა მავანმა გულშემატკივარმა „ტვიტერზე”.
„თურმე, ვერტიკალური დაცვა ფეხბურთისთვის არ ვარგა” — თქვა მეორემ.
„ეს არის ვერტიკალური დაცვა. სულშერი ტაქტიკის გენიოსია” — მხარი აუბა მესამემ.