რა უნდა ქნას მცველმა, თუკი ბურთი უკვე კარში მიდის, ის კი საჯარიმოს გარეთ იმყოფება – თავში ხელი შემოიკრას, ხელები ჩამოუშვას თუ პარტნიორებს დაუწყოს ყვირილი?
სხვას შეიძლება რომელიმე ეს ვარიანტი აერჩია, მაგრამ არა ბერგამოელ ანდრეა მასიელოს. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ნეაპოლელი არკადიუშ მალიკის დარტყმის მომენტში ის საჯარიმოს წინ ნახევარწრეში იმყოფებოდა, მაგრამ ბურთს მაინც დაედევნა.
შედეგად, მასიელომ ბურთს კარის ხაზზე მიუსწრო. აღმოჩნდა, რომ მან 17 მეტრი 2 წამში დაფარა. ეს ეპიზოდი „ნაპოლი“ – „ატალანტას“ შეხვედრის 50-ე წუთზე მოხდა. ამ დროისთვის მასპინძლები 1:0 იგებდნენ. მასიელოს გმირობამ „ატალანტას“ ფრთები შეასხა. დარჩენილ დროში სტუმრებმა 9-ჯერ დაარტყეს კარში, 2 გოლი გაიტანეს და 2:1 მოიგეს.
მოგებამ “ატალანტას” ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეუნარჩუნა ადგილი და „მილანთან“ მეოთხე ადგილისთვის იბრძვის. ბერგამოელებს ამ სეზონში ყველაზე მხიარულ გუნდსაც ეძახიან. თავად განსაჯეთ: გასულ ტურში „ემპოლის“ კარში 47-ჯერ (!) დაარტყეს და ერთიც ვერ გაიტანეს, კიდევ ტურით ადრე ოთხის გასატანად 15 წუთი ეყოთ.
ისე, იანვარში იტალიის თასის გათამაშებიდან „იუვენტუსის“ გამოგდებაც ბერგამოელთა ნახელავია.