ოლე გუნარ სულშერმა თავის ფეხბურთელებს მკაცრად უთხრა, რომ ნებისმიერი, ვინც დღევანდელ მანჩესტერულ დერბიში ვერ ივარგებს, გუნდიდან გავარდება. ასეთი გაგრძელება მოჰყვა წინა შეხვედრაში, ლივერპულში, „ევერტონთან” 0:4 დამარცხებას.
„სანისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ საგანგებო თათბირზე ნორვეგიელმა მოთამაშეებს უთხრა, რომ
- „მანჩესტერ სიტის” თავი შეაკლან ან მოშორდნენ იქაურობას.
- „პარი სენ ჟერმენთან” საოცარი გამარჯვება აღარაფერს ნიშნავს.
- ეჭვი ეპარება, რომ მათ ოთხეულში მოხვედრა უნდათ.
დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი” „მანჩესტერ სიტის” ბოლო 8 შეხვედრიდან 6 წაგებით ხვდება. ასეთი შედეგი აშკარად კრიზისის ნიშანია და სულშერს, კლუბთან კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე კვირაში კრიტიკის ობიექტად აქცევს.
ამბობენ, რომ „გუდისონ პარკზე” თამაშის დამთავრების შემდეგ ყოფილმა ფორვარდმა თავი ვერ შეიკავა და ფეხბურთელებს თავს რისხვა დაატეხა. კლუბის მავანმა თანამშრომელმა თქვა, გვეგონა გაგიჟდაო. და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ახლა ნორვეგიელმა ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ ვინც დღევანდელ დერბიში ჩაფლავდება, კლუბის საგაისო გეგმებში ვერ მოხვდება.
სულშერმა წუხელ ფეხბურთელები შინ გაუშვა — სახლში განმარტოვდით და თამაშზე, თანაგუნდელებზე, კლუბზე და ფანებზე იფიქრეთო.
„სიტისთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე კი „იუნაიტედის” მწვრთნელმა თქვა: „იყო „მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ნიშნავს იმას, რომ იყო ლიდერი და ნებისმიერ ზეწოლას გაუძლო. ხოლო უძლებ ზეწოლას თუ ვერა, ეს მოედანზე გამოჩნდება. ყველაფერი მოედანზე მტკიცდება.
თათბირზე ბევრი რამ ვთქით, სიმართლე ვილაპარაკეთ და გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომელთაც გამოთქვეს გუნდის წინსვლაში მონაწილეობის სურვილი”.