„დეილი მეილმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ „ევერტონთან” 0:4 დამარცხების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს გასახდელში ერთმანეთთან დიდი ყაყანი და გარჩევა მოუწყვიათ.
ოლე გუნარ სულშერმა, სანამ პრეს-კონფერენციაზე შევიდოდა, დაახლოებით ნახევარი საათით ჩაკეტა თავისი ფეხბურთელები ლივერპულის „გუდისონ პარკზე”, შემდეგ კი ის მას-მედიის წინაშე წარსდგა და მისი საშუალებით გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ამის შემდეგ მანჩესტერელთა გასახდელიდან დერეფანში ურთიერთბრალდებები და ყვირილი ისმოდა.
პოლ პოგბამ ორშაბათს „სქაი სპორტთან” ინტერვიუში თქვა: „ჩვენ სულშერს მოვუსმინეთ. სამწვრთნელო შტაბიც გველაპარაკა და ისინი მართლები იყვნენ. ჩვენ მართლა არ ვეცით პატივი არც ერთმანეთს, არც კლუბსა და არც გულშემატკივარს. მეტიც ეს კლუბის ყველა თანამშრომლის უპატივცემულობა იყო: ფორმებზე პასუხისმგებელი კაცით (ქითმენით) დაწყებული, ნებისმიერი სხვა მუშაკით დამთავრებული. ის, რასაც მოედანზე ვაკეთებდით, მათთვის სიამოვნების მინიჭებასთან კავშირში არ იყო. ამიტომაც ვიყავით საკუთარ თავზე გაბრაზებულები. ახლა მდგომარეობა უნდა გავაუმჯობესოთ და რეაქციაც შესაბამისად სხვა იქნება”.
„დეილი მეილი” წერს, რომ ორშაბათს გუნდი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა, სადაც ერთი საათის განმავლობაში აანალიზებდა „ევერტონთან” შეხვედრის ვიდეოჩანაწერს.
შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი და მისი ასისტენტი მაიკ ფილანი საგანგებოდ დამსხდარან და ზაფხულში გასაშვები ფეხბურთელების სიის შედგენაზე უმუშავიათ.
კლუბის თანამშრომლები ამბობენ, რომ „იუნაიტედში” შექმნილი მდგომარეობა არაფრით სჯობს ჟოზე მოურინიუს დროინდელს.
ხვალ, 24 აპრილს, „ოლდ ტრეფორდზე” მანჩესტერული დერბია: „იუნაიტედი” „სიტის” წინააღმდეგ.