„მანჩესტერ იუნაიტედში” კონტრაქტებს ეროვნული ნიშნით აფორმებენო, წერს „სანი” და დასძენს, რომ ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მისია. კერძოდ, ინგლისელებმა, ეშლი იანგმა, კრის სმოლინგმა, ფილ ჯონსმა და ლუკ შოუმ, მიმდინარე სეზონის მსვლელობისას კლუბთან ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს, ხოლო ესპანელებს დავიდ დე ხეასა და ხუან მატას პირობებზე ჯერ არ შეთანხმებიან, ანდერ ერერას კი სულაც „პარი სენ ჟერმენში” უშვებენ.

მას მერე, რაც დეკემბერში მწვრთნელის თანამდებობაზე ჟოზე მოურინიუ ოლე გუნარ სულშერმა შეცვალა, გუნდში მორალური და ფსიქოლოგიური კლიმატი გაუმჯობესდა, თუმცა ფეხბურთელები ატყობენ, რომ მათი სამი „ამიგო” საერთო ფერხულს ვერ ჰყვებაო, წერს გაზეთი.

მართალია, „იუნაიტედმა” დე ხეას ხელშეკრულებაში შეიტანა პუნქტი თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ, მაგრამ კვირაში 350 000 გირვანქის გადახდას არ აპირებს. სამაგიეროდ, მეკარისთვის ასეთი თანხის გადახდაზე ყაბულსაა ზემოთ უკვე ნახსენები „პარი სენ ჟერმენი”, ოღონდ მას თავისი პირობები აქვს: თუ ყიდვაა, ის ესპანელს ამ ზაფხულშივე იყიდის. ამ ეტაპზე მის უბრალოდ დაბევებას და ერთი წლის მოცდას არ აპირებს.

რაც შეეხება ანდერ ერერას, ის თავისუფალი აგენტია და პარიზელებს ხელში უფასოდ უვარდებათ, ამიტომ ისინი მისთვის ხელფასის მომატებაზე თანახმანი არიან. „იუნაიტედში” ერერას ჯამაგირი კვირაში 150 000 გირვანქაა.

მესამე „ჰაერში ჩამოკიდებული” ესპანელი კი არის ხუან მატა, რომლის კონტრაქტიც იწურება და ისიც გამოსავლის ძიებაშია.

იანგთან, ჯონსთან, სმოლინგთან და შოუსთან კი „ოლდ ტრეფორდზე” საერთო ენა იოლად გამონახეს. იანგი ამ ზაფხულს 34 წლის ხდება, მაგრამ მას უკვე გაუხანგრძლივეს ხელშეკრულება ერთი წლით.