ბრაზილიელმა ფილიპე კოუტინიუმ „ბარსელონასა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში (3:0) ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ორიგინალურად იზეიმა: ყურები თითებით დაიცო. ეს გახლდათ პასუხი ბოლოდროინდელ კრიტიკაზე. აქაოდა, თქვენი მწარე სიტყვები არ მესმისო.

მოგეხსენებათ, კოუტინიუ „ბარსაში” გადასვლამდე „ლივერპულში” თამაშობდა, სადაც ბრწყინავდა, „კამპ ნოუზე” კი ჩაქრა და ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშის პრობლემაც კი დაუდგა. ამან „ბლაუგრანას” ქომაგი მის მიმართ კრიტიკული გახადა.

„ბარსელონას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ „რეალ სოსიედადთან” შეხვედრის წინ თავისი თავდამსხმელი დაიცვა. მან თქვა:

„კოუტინიუმ გოლის შემდეგ რაღაც ჟესტი გააკეთა და ყველაზე მეტად იცით, რამ გამაკვირვა? იმან, რომ ხალხმა ჟესტზე მეტი ილაპარაკა, ვიდრე თავად გოლზე, რომელიც დიდებული იყო.

ჟესტი კი შეურაცხმყოფელი ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, როდესაც ფეხბურთელს გოლი გააქვს, მისი თვითრწმენა მნიშვნელოვნად იზრდება.

რაც შეეხება კრიტიკას, ჩვენ მის მიმართ ყოველთვის გახსნილი ვართ”.

მართალია, „ბარსელონასთან” პირდაპირ კავშირში არ იყო, მაგრამ ვალვერდეს პეპ გვარდიოლას შესახებაც ჰკითხეს. მოგეხსენებათ, გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგას „ტოტენჰემთან” დრამატულ შეხვედრაში გამოეთიშა.

„მართალია, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, მაგრამ გვარდიოლა მაინც საუკეთესო მწვრთნელად რჩება”, — თქვა ბასკმა.

და ბოლოს, „ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულთან” ელის შეხვედრა.

„ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, რომელიც ბოლო ორი სეზონია ამტკიცებს, რომ უძლიერესი თავდასხმა ჰყავს. შარშან ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, წლეულს კი ნახევარფინალში არიან და თან პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ჩვენი და „ლივერპულის” თამაში ურთულესი და ყველასთვის სასეირო იქნება”.