ოლე გუნარ სულშერმა ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ თავის ფეხბურთელებს შეუტია, მონდომება დააკლესო.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” შეჯიბრებას მეოთხედფინალში გამოეთიშა. შინ, „ოლდ ტრეფორდზე”, 0:1 წააგო, ხოლო სტუმრად, „კამპ ნოუზე” — 0:3.

მეორე შეხვედრაში მანკუნიანელთა კარში ორი გოლი ლეო მესიმ შეაგდო, ერთი კი ფილიპე კოუტინიუმ.

ეს გახლდათ ინგლისური გუნდის მეხუთე დამარცხება ბოლო შვიდ შეხვედრაში, რამაც სულშერი აღაშფოთა და მწვრთნელმა თავის ფეხბურთელებს შეახსენა, რომ მათი დღევანდელი თამაში „იუნაიტედის” სტანდარტებს მეტისმეტად დაშორდა. ნორვეგილმა მწვრთნელმა თქვა, რომ ზოგი ფეხბურთელი 100 პროცენტით აღარ იხარჯება, რაც ბოლო შეხვედრებში შესამჩნევი გახდა.

სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში ჟოზე მოურინიუს შეცვლის შემდეგ, პირველ 17 შეხვედრაში 14 გამარჯვება მოიპოვა. ახლა კი ის ბრაზობს, რომ მისმა ფეხბურთელებმა ბევრი სულელური გოლის გაშვება დაიწყეს (მაგალითად, მეკარე დავიდ დე ხეამ ბარსელონაში მეორე გოლი ბავშვური შეცდომის გამო გაუშვა) და ცდილობს მათ შეახსენოს, რომ კლუბის წინაშე ვალში არიან, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედმა” მათ დიდი წარმატებებისთვის ყველა პირობა შეუქმნა.

ყოფილმა ფორვარდმა თქვა, რომ თუ მისი ფეხბურთელები კვირას, პრემიერლიგაში, „ევერტონს” არ დაამარცხებენ, შეუძლიათ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთს გამოემშვიდობონ. ეს შეხვედრა ლივერპულში, „გუდისონ პარკზე”, საქართველოს დროით 16 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.

სადღეისოდ „მანჩესტერ იუნაიტედი” მეექვსე ადგილზეა და მეოთხეზე მყოფ „არსენალსა” და მეხუთეზე მყოფ „ჩელსის” 2 ქულით ჩამორჩება.

„მანჩესტერ იუნაიტედს” სეზონის დამთავრებამდე 5 მატჩი აქვს ჩასატარებელი.