გარი ნევილი ბარსელონაში პოლ პოგბას თამაშით უკმაყოფილო დარჩა და თქვა, ფრანგი ისევ ისე თამაშობს ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს რომ თამაშობდაო.

მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” „იუნაიტედს” 3:0 მოუგო, რასაც ერთი კვირის წინ, „ოლდ ტრეფორდზე” მოგებული 1:0 დაემატა და ორი მეოთხედფინალური მატჩის ჯამში 4:0 გამოვიდა.

„კამპ ნოუზე” მანჩესტერელთა კარში ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ხოლო მესამე ფილიპე კოუტინიუმ. მესის ორი გოლიდან პირველი „ბარსას” კაპიტნის ვირტუოზული თამაშის შედეგი იყო, ხოლო მეორე „იუნაიტედის” მეკარის დავიდ დე ხეას უხეშმა შეცდომამ განაპირობა.

დავუბრუნდეთ პოლ პოგბას, რომელიც დეკემბრის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც მოურინიუ ოლე გუნარ სულშერმა შეცვალა, ჩინებულად ათამაშდა, მაგრამ ბოლო დროს კვლავ დაუკლო.

ნევილმა beIN Sports-თან ინტერვიუში თქვა: „პოგბა ისევ ისეთია ოლეს მოსვლამდე რომ იყო. ბარსელონაში ის არაფრად ვარგოდა, გაუთავებლად აწვალებდა ბურთს და მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაშობდა. პერიოდულად მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მას მოედანზე ყოფნა საერთოდ არ აინტერესებდა. რასაკვირველია, ის დიდი ფეხბურთელია, მას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, მაგრამ ამისათვის მობილიზება სჭირდება”.

ნევილი დავიდ დე ხეას შეცდომასაც გადასწვდა. მან ესპანელ გოლკიპერს საჯაროდ გამოსვლა და თავისი შეცდომის ახსნა მოსთხოვა.

„ხალხი ამბობს, რომ ბოლო ერთ წელიწადში დე ხეამ ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა, მაგრამ ვფიქრობ, მას ეს „იუნაიტედის” შემადგენლობაში არ მოსდიოდა.

ჩვეულებრივი ამბავი არ არის, როდესაც ასეთ შეცდომას შენს ქვეყანაში უშვებ. ამიტომ, ის ახლა უნდა გამოვიდეს და ახსნას, რა მოუვიდა. ასეთი განმარტება მისთვის კარგი იქნება”, — თქვა ნევილმა.