პრო D2-ის რეგულარული სეზონის 28-ე ტურში ორი ქართული ლელო დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში ჩვენებურის გუნდმა მოიგო, მეორეში – დამარცხდა.

„ბრივმა“ „კარკასონს“ უმასპინძლა და 54:17 გაანადგურა. მასპინძელი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი ბორჯღალოსანი იყო – ოთარ გიორგაძე და ვასილ ლობჟანიძე. პირველმა 68 წუთი ითამაშა, მეორემ – 70. სტუმართა შორის თამაშში შეცვლაზე ჩაერთო და ბოლომდე ირაგბა მირიან ბურდულმა. ამ მატჩზე ყურადღება იმ მიზეზით გავამახვილეთ, რომ ოთია გიორგაძემ თავი ამჯერადაც გამოიჩინა – 61-ე წუთზე ბრიველთა მოლს ულიდერა და ლელოში ბურთიანად ისე შევარდა, მხრებზე ორი-სამი კარკასონელი ეკიდა. ეს იყო ქართველი მესამე ხაზელის მეექვსე ლელო პრო D2-ის მიმდინარე სეზონში, ხოლო მისი „ბრივი“ გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

კიდევ ერთი ქართული ლელო კი გიორგი ჯავახიას ანგარიშზეა. „ორიაკისა“ და საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა ვანში გასვლითი მატჩის ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნა – თავისი გუნდის მოგებული დერეფანი ლელოდ აქცია, თუმცა ამის მერე ჯავახიასა და ბორჯღალოსანთა კაპიტნის, მერაბ შარიქაძის გუნდმა მეტს ვერაფერს მიაღწია და 5:25 დამარცხდა.

ჯავახიამ ფრანგული ლელოების პირადი ანგარიში გახსნა, ხოლო მის კლუბს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 4 ქულა აშორებს, არადა სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ორი ტური რჩება.