„სანი” წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლ პოგბას აგენტ მინო რაიოლას შეუთვალა, თუ „რეალს” ფრანგის ყიდვა უნდა, კეთილი ინებოს და 130 მილიონი გირვანქა გადაგვიხადოსო. 130 მილიონი გირვანქა ევროებში 150,6 მილიონს უდრის.

აქვე დავძენთ, რომ ინგლისური გაზეთი არ ამბობს, თითქოს ეს ცნობა უეჭველია, უბრალოდ წერს, რომ ოლე გუნარ სულშერი პოგბას გაყიდვას არ გამორიცხავს და მის შემცვლელს ეძებს.

ფაქტია, 26 წლის ფრანგი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლას აპირებდა, ოღონდ ეს ცოტა ძველი ამბავია, როდესაც გუნდს ჟოზე მოურინიუ წვრთნიდა. დეკემბერში, პორტუგალიელი გაუშვეს, მის ნაცვლად სულშერი დანიშნეს და ყველაფერი შეიცვალა — პოგბა ჩინებულად ათამაშდა.

და მაინც, ფრანგულ პრესაში დაირხა ხმები, რომ პოგბა სულშერთანაც ვერ ახერხებს საერთო ენის გამოძებნას. კერძოდ, ამის შესახებ „ლე პარიზიენმა” დაწერა.

სამაგიეროდ, „რეალის” სათავეში დაბრუნდა კაცი, რომელსაც ნახევარმცველი ყოველთვის მოსწონდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფრანგია — ზინედინ ზიდანზეა ლაპარაკი.

თუ მადრიდელები მანჩესტერელებს მართლა 130 მილიონ გირვანქას გადაუხდიან, გამოვა, რომ ისინი 30 მილიონით იხეირებენ — „იუნაიტედმა” პოგბა 2016 წელს „იუვენტუსისგან” 100 მილიონად იყიდა.