ვითარება იკვეთება
ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლოსწინა ტურში, სიტუაცია მოულოდნელად დაიძაბა. ეს ამბავი „საბურთალოს“ საშინაო მარცხს მოჰყვა „ჩიხურასთან“ (2:3). ჩემპიონებმა მეორე შეხვედრა წააგეს მიმდინარე სეზონში და ვინაიდან კონკურენტებმა უდანაკარგოდ ითამაშეს, ახლა ლიდერი უშუალო მდევრებს მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. სხვათა შორის, შარშანდელ დავთარს ჩავხედე და მე-8 ტურის შემდეგ, საბურთალოელებს ანალოგიური შედეგი ჰქონდათ და „დინამოსთან“ ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფდნენ. მერე კი ჩემპიონები გახდნენ.
ვითარება იკვეთებაო, ვთქვით და მართლაც, პირველი ხუთეული სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, ისეთი იქნება, როგორიც სეზონის ბოლოს. კონტური მოიხაზა. 18 ქულიან ლიდერ „საბურთალოს“ სამი 16 ქულიანი („დინამო,“ „ბათუმი,“ „ტორპედო“) მისდევს. „ჩიხურა“ მხოლოდ ორი ქულით „სიონს,“ თუმცა შემადგენლობების სიძლიერეს თუ გავითვალისწინებთ, საჩხერელები მინიუმუმ ხუთეულს მიღმა არ უნდა დარჩნენ.
ბათუმური ევოლუცია
ელიტაში დაბრუნებულმა ზღვისპირელებმა სეზონი ცუდად დაიწყეს. სტარტზე ზედიზედ ორი თამაში წააგეს და ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ გია გეგუჩაძე გამოცდილი სპეციალისტია და დაამტკიცა, რომ ის სასტარტო წაფორხილება უიღბლობის ბრალი უფრო იყო, ვიდრე კანონზომიერება. ბათუმელებმა ბოლო 6 ტურში მეხუთე თამაში მოიგეს და ახლა ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.
კორღალიძის უიღბლო დებიუტი და ბომბარდირი უგულავა
ბათუმელთაგან განსხვავებით, „ლოკომოტივმა“ კარგად დაიწყო სეზონი. მესამე ტურში მათ თვით „ტორპედოს“ სძლიეს ქუთაისში (2:0) და მეორე ადგილზე გაჩერდნენ, მაგრამ ეს იყო და ეს. რკინიგზელებმა წაგებას წაგება მიაყოლეს და გასავარდნ ზონაშიც აღმოჩდნენ. ამ ტურის წინ მათ მთავარი მწვრთნელიც შეეცვალათ. „ლოკომოტივს“ ლაშა ჭაღიაშვილის ნაცვლად, მისი ასისტენტი, ლევან კორღალიძე გაწვრთნის. ლოკომოტიველთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ კორღალიძე კლუბში 2018 წლიდან მუშაობს და დამრიგებლის ასისტენტობის გარდა, პარალელურად კლუბის 15 წლამდელთა გუნდსაც ავარჯიშებდა. დებიუტი კი მთლად კარგი ვერ გამოუვიდა. ამჯერად „სიონთან“ დამარცხდნენ შინ – 1:2. ეს რკინიგზელთა მიჯრით მე-5 წაგება გახლდათ. ამავე მატჩში ბოლნისელმა ჯაბა უგულავამ დუბლი მიითვალა და 6 გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. ორჯერ გამოიჩინა თავი ჩიხურელმა ბიძინა მახარობლიძემაც. ჯამში კი, მიმდინარე სეზონში ფეხბურთელებმა სულ 9 დუბლი შესარულეს.
მე-8 ტური. 12-13 აპრილი
დინამო 1:0 დილა, ლოკომოტივი 1:2 სიონი, ტორპედო 2:1 ვიტ ჯორჯია, რუსთავი 0:2 ბათუმი, საბურთალო 2:3 ჩიხურა
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
20 აპრილი: სიონი – საბურთალო (16:00), დილა – რუსთავი (19:00), ბათუმი – ლოკომოტივი (21:00)
21 აპრილი: ჩიხურა – ტორპედო (18:00), ვიტ ჯორჯია – დინამო (21:00)
მეგოლეები: ჯაბა უგულავა (სიონი) – 6, ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო), ლევან შენგელია (დინამო), ოგნიენ როლოვიჩი (საბურთალო) – 5, მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა), ლევან კუტალია (დინამო) – 4