პოგბამ „ვესტ ჰემს” ორჯერ გაუტანა

პოლ პოგბამ „ვესტ ჰემთან” გამორბენი შეცვალა. პენალტის გამორბენზე მოგახსენებთ. შაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ჩაქუჩებთან” გვარიანად იწვალა და 2:1 მოიგო. მასპინძლებმა ორივე გოლი თერთმეტი მეტრიდან გაიტანეს, პენალტი ორივეჯერ პოგბამ დაარტყა და ინგლისურმა მას-მედიამაც ამიტომ მიაქცია მის გამორბენს ყურადღება.

2018-19 წლების სეზონის  პირველ პენალტთან შედარებით ფრანგმა, სანამ ბურთს დაარტყამდა, ჩვეულებრივი რაოდენობის ნაბიჯები გადადგა, არადა, სექტემბერში, „ლესტერთან” მისი გამოქცევა (რომლის ვიდეოსაც ქვემოთ გთავაზობთ) ცოტა უცნაური და ღიმილისმომგვრელიც იყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ „საუთჰემპტონთან”, „ბარნლისა” და „ევერტონთან” პოგბამ ვერ გაიტანა.

ალბათ, სწორედ ამიტომ ჰკითხეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს გამორბენის შესახებ, რატომ გამოცვალეო. მან სცადა აეხსნა, თუმცა რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო მისი განმარტება, თავად განსაჯეთ:

„იმიტომ, რომ მთავარია ბურთი კარში შევარდეს, — თქვა პოგბამ, — ეს მასწავლა გამოცდილებამ. რაც შეეხება იმას, დავაბნიე თუ არა „ვესტ ჰემის” მეკარე ლუკას ფაბიანსკი, ვერ გეტყვით. შეიძლება დავაბნიე კიდეც”.

შემდეგ, ნახევარმცველმა იღბალზე ილაპარაკა.

„ვფიქრობ, დღეს იღბალმა მოგვაგებინა. ბედი ხანდახან მოწინააღმდეგეებს უღიმის, მაგრამ ამჯერად ჩვენ გაგვიღიმა”, — თქვა მან.

პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში უკვე 13 გოლი შეაგდო და საყოველთაო აზრით, რაც „მანჩესტერ იუნაიტედს” სათავეში ოლე გუნარ სულშერი ჩაუდგა, ჩინებულად თამაშობს.

სხვა საქმეა, თამაშობს თუ არა ჩინებულად თავად „იუნაიტედი”, რომელსაც სამშაბათს „კამპ ნოუზე” დიდი შეხვედრა ელის — ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონას” უნდა დაუპირისპირდეს. პირველი თამაში, „ოლდ ტრეფორდზე”, ესპანეთის ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა 1:0.

წილი
წინა სტატიალამაზი და ლი
შემდეგი სტატიამზადდება წმენდა და რეკორდი
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.