„მანჩესტერ იუნაიტედს” კალიდუ კულიბალის შესაძენად 129 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. საფრანგეთში დაბადებული სენეგალელი დღეს „ნაპოლიში” თამაშობს და იტალიური კლუბი ცენტის დაკლებას არ აპირებს. ცნობისთვის: 27 წლის კულიბალის შეძენა შარშან „ჩელსის” უნდოდა.

ცნობილია, რომ მანჩესტერელთა თავკაც ოლე გუნარ სულშერს დაცვის გაძლიერება სურს. ცნობილია ისიც, რომ ის ზაფხულზე გუნდის გადახალისებას აპირებს.

„თავს არ ვიტყუებ. გუნდის ფეხბურთელებისგან გაწმენდა ძნელი საქმე იქნება, — თქვა სულშერმა, — „მანჩესტერ იუნაიტედში” მხოლოდ საუკეთესოებს დავიტოვებთ. მოგვიწევს დაუნდობლები ვიყოთ”.

სულშერს მხარი აუბა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა გარი ნევილმა, რომელიც პირდაპირ დაეტაკა იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც, როგორც ამბობენ, წასვლა მოუწევთ.

ნევილმა თქვა: „გუნდში ბევრი ფეხბურთელი დაგროვდა, რომელთა ბედი ოლემ უნდა გადაწყვიტოს. ვითომ დიდი დანაკლისი იქნება თუკი მატეო დარმიანი წავა? მე თუ მკითხავთ, ეს სულაც არ იქნება სამყაროს დასასრული.

და ანტონიო ვალენსია? მას სულ რაღაც ტკივა. ამიტომაც, ვფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი მარჯვენა მცველი სჭირდება.

ხუან მატას და ანდერ ერერას შეძენა სხვა კლუბებს ნამდვილად მოუნდებათ, ამიტომაც სულ არ განვიცდი თუკი ორივე წავა”.

დავუბრუნდეთ კულიბალის. თუკი „მანჩესტერ იუნაიტედი” მასში 129 მილიონ ევროს გადაიხდის, დამყარდება მცველში გადახდილი თანხის მსოფლიო რეკორდი — აქამდე ყველაზე მეტი, 75 მილიონი გირვანქა (87 მილიონი ევრო) „ლივერპულმა” „საუთჰემპტონს” ვირჯილ ვან დიიკში 2018 წელს გადაუხადა.

 

წილი
წინა სტატიაპოგბა ნაბიჯებს ამცირებს
შემდეგი სტატიაშარშანდელივით კონტური…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...