„რეალი” მადრიდის ცენტრში მდებარე ცნობილ რესტორან „ასადორ დონოსტიარაში” შეიკრიბა. ფეხბურთელები, მწვრთნელები და კლუბის თანამშრომლები კაპიტანმა სერხიო რამოსმა დაპატიჟა. წვეულების მიზანი კიდევ ერთხელ დაახლოება და დარჩენილი შვიდი თამაშის წინ საბრძოლო განწყობის შექმნა გახლდათ. მოგეხსენებათ, მადრიდელებს მოტივაციის მოგონება ნამდვილად სჭირდებათ, რადგან ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი უკვე აღარ აქვთ.
ესპანური პრესის თანახმად, წვეულებაზე სამი კაცი არ მივიდა: კეილორ ნავასი, კარიმ ბენზემა და გარეთ ბეილი. ბეილმა და ნავასმა იანვრის წვეულებაც გამოტოვეს, ოღონდ მიზეზები ჰქონდათ ძალიან განსხვავებული: ნავასს შვილი შეეძინა და ახალნამშობიარევ მეუღლესთან უნდოდა ყოფნა, ბეილმა კი ადრე ვიძინებ და გვიან რესტორანში ვერ მოვალო. მოგვიანებით კურტუას უთქვამს, ბეილი 23 საათზე გვიან მართლაც არასდროს იძინებსო.
უელსელს ალბათ ამჯერადაც ეძინებოდა და ამიტომ არ დაესწრო წვეულებას, მაგრამ რატომ არ იყვნენ რესტორანში ნავასი და ბენზემა, უცნობია.