155 კალათბურთზე მწერალი კაცი ხუმრობა არ გეგონოთ, თქვენი ჭირიმე. მითუმეტეს, ის 155 კაცი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამბებს რომ მიმოიხილავს. ჰოდა, ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ენბიეის უძვირფასეს მოთამაშედ წელს მეილმენი უნდა ყოფილიყო.

მეილმენი – იგივე კარლ მელოუნია, მორმონთა ქვეყნის ცნობილი გუნდის, „იუტა ჯაზის“ 33 წლის ფორვარდი. მაიკლ ჯორდანი ექვსი თუ შვიდი პირველი ადგილით ჩამორჩა სოლტლეიკელ გოლიათს, რომელიც აგერ მეათე წელია ვარსკვლავობს, კალათბურთის ყოველ მოყვარულ ახსენებს თავს ჯონ სტოქტონთან ბრწყინვალე შეთამაშებით, ფარისქვეშეთის პყრობით და თითო თამაშში ლამის 30 ქულის მოპოვებით.

ეს, რა თქმა უნდა, დიდი და ვარსკვლავი კაცია, გასაოცრად სტაბილური, ამავდროს ჯაჯღანა და ოხერი ერთი ზანგი კაცია. მოკლედ, დიახაც უკავია ადგილი ენბიეის 50 ლეგენდარულ მოთამაშეს შორის.

წელსაც, როგორც ყოველთვის, მეილმენი უაღრესად სტაბილური და ვაჟკაცი იყო.

მაგრამ ქომაგის საქმე ხომ ის არის, ყველაფერში ეჭვი შეიტანოს. გასაგებია, რომ იუტა დივიზიონის ჩემპიონი გახდა, დასავლეთის კონფერენციის უდავო ლიდერად დაასრულა ჩემპიონატი და ახლა ფინალსაც თამაშობს „ჰიუსტონთან“, მაგრამ საინტერესო აი რა არის:

მელოუნის პირველკაცობის საკითხი არასოდეს დამდგარა. ორადორჯერ ის მესამედ აღიარეს და ხმათა დათვლის ობიექტური პრინციპით ის ყოველთვის მესამე ან მეხუთე იყო მსგავს გამოკითხვებში.

„იუტა“ შარშანაც გავიდა დასავლეთის ფინალში, მაგრამ საუკეთესოდ ჯორდანი სცნეს.

მე ასე ვხვდები, რომ მელოუნის წლევანდელი დაფასება მხოლოდ სტაბილურობის დაფასებაა, თორემ სხვაფრივ მეილმენი არ გახლავთ ის კაცი, ღვთაებრივ ადგილებს რომ შეეტოტოს. კი, ის დიდი ბომბადმშენია, მაგრამ განა ისეთივე, თუ უფრო დიდი არა, ბომბდამშენი არ არის ჰაკიმ ოლაჯუონი? გასაგებია, რომ „ჰიუსტონს“ შუა სეზონში სამარცხვინო ჩავარდნა ჰქონდა. მაგრამ ჰაკიმი ხომ ყოველთვის აკეთებდა თავის საქმეს, იმის მიუხედავად, ჰყავდა თუ არა გვერდით ბარკლი და დრექსლერი? ასე თუ მივუდგებით, მჯობნის პოვნა ძნელია. მაგრამ საქმე რომ წლევანდელ სეზონშია და არა საერთო ამბავში?

კი, მელოუნი სტაბილური კაცია. ბომბარდირთა ისტორიულ ათეულში გადის, მაგრამ ენბიეი ხომ ისეთი ქარხანაა, სადაც სიტყვა „ღვთაებრივის“ გახსენებაც შეიძლება. ნუ, პირდაპირ, ძალიან, ძალიან მაგარია ეს მელოუნი. მაგრამ სანამ მოედანზე ჯორდანია, სანამ ეს ჰაერს შეერთებული კაცი, ეს უცნაური ასტრონავტი მოედანზეა, მე არ ვიცი, რა ადგილებზეა ლაპარაკი.

მიმდინარე სეზონის 8-10 თამაშში ჯორდანს ჰქოდა უფერული დღეები – აქამდე სრულიად უცხო მისი კარიერისთვის, მაგრამ მან ოციოდე სასწაული მაინც მოახდინა და არათუ „ბულზის“, ლიგის ლიდერადაც რჩება. მან მეტი ჩააგდო, ვიდრე მეილმენმა, მან მეტი თამაში მოიგო და რახან მცველია, ფარი იმგვარად არ დაუპყრია, როგორც მელოუნს, მაგრამ რამდენი ჩაუჭრია, ნუღარ იკითხავთ.

მთელი ეს სეზონი ჯორდანის ბედზე ვფიქრობდი. ერთი სვეტიც გამოვაქვეყნე. ვამბობდი, ჩავარდნები ცუდი ნიშანია-მეთქი და ეგებ „ჩიკაგოს“ დაისიც საგაისოდ მაინც დაიგეგმოს-მეთქი. განა ჯორდანი რაღაც გაკერპებული ვინმე მგონია: ეს უდიდესი სახელია.რამდენიმე დიადი ვინმეს საუკეთესო თვისებებს თქვენს თვალწინ კრებს თავის თავში და სტატისტიკური ცნობარი საჭიროც არ არის.

მელოუნისთანა დიდები კი ბლომად ჩამოითვლება.

ესეც არ იყოს, მაიკლი კაცია. ისევე, როგორც სხვა დიდი სახელი, უეინ გრეცკი, ესეც მოქალაქის ნიმუშია. როდმანი მატრაკვეცობს და ვირობს, ბლეილოკი პლანს სწევს, შაკილი ძველბიჭობს, მელოუნი კი… მელოუნი ქალებსა სცემს, კბენს, გლეჯს და ჟურნალისტებს „ღორებს“ ეძახის.

მაიკლს არაფერი ეს არ სჭირდება – ის უბრალოდ ყველაზე კარგია, რაც არ უნდა დათვალონ ხმების შემკრებ კომისიაში.

და საერთოდ, ჯორდანი უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ხმის კომისია.

ასეა – მელოუნი ვერასოდეს გახდება ჩემპიონი, სანამ ჯორდანი ჯორდანობს.

უძვირფასესი შეიძლება იყოს, მაგრამ საუკეთესო – ვერა.

ჯერ ჰაკიმს აჯობოს – მერე თავისი გამარჯვებების ნუსხა დადოს და მორმონებზეც ამის შემდეგ ვილაპარაკოთ.

24.05.1997

წილი
წინა სტატიაკრიშტიანუს ფენომენალური თავურები
შემდეგი სტატიამანჩესტერმა კარში ვერ დაარტყა
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.