ოლე გუნარ სულშერმა გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბარსელონას“ კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაზე, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე“ გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით 1:0 დამთავრდა. ფორმალურად ისე გამოვიდა, რომ ის ერთადერთი გოლიც ლუკ შოუმ შეაგდო თავის კარში.

მანჩესტერელთა მცდელობა შეძლებისდაგვარად გაეჩერებინათ ლეო მესი, ინგლისური მას-მედიის აზრით, უფრო წარმატებით დამთავრდა, ვიდრე წარუმატებლად, მაგრამ როგორც ჩანს გუნდმა მთელი ენერგია და ყურადღება ამ საქმეზე გადმორთო და შეტევა დაავიწყდა. ასეა თუ ისე, სულშერს მიაჩნია, რომ საპასუხო შეხვედრაში მის გუნდს შანსი მაინც აქვს და მაგალითად „პარი სენ ჟერმენთან“ თამაშს იხსენებს.

„არის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. ვფიქრობ, თამაში ცოტა დაუდევრად დავიწყეთ. მესის განეიტრალება კარგად გამოგვივიდა, თუმცა შეგვეძლო შეტევაშიც ასეთივე წარმატებით გვეთამაშა. სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ და ამის გამო გული მწყდება.

ცალკეულ ეპიზოდებში ნამდვილ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვგავდით. ხალხიც მხარს გვიჭერდა.

ბარსელონაში მისამთავრებელი სამუშაო გველის. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი. ვიცით, რომ გოლის გატანა შეგვიძლია“, — თქვა სულშერმა.

ნიშანდობლივია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო 5 თამაშიდან 4 წააგო: „ბარსელონასთან“, ორი „ვულვერჰემპტონთან“ და „არსენალთან“. ერთადერთი გამარჯვება მანკუნიანელებმა „უოტფორდთან“ მოიპოვეს.

 

წილი
წინა სტატიაუძვირფასესი მელოუნი ყოფილა, ჯორდანს კი ვირის თავ-ფეხი?
შემდეგი სტატიამესი გაიბზარა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...