ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულმა” „პორტუს” 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს კეიტამ და ფირმინომ, მო სალაჰი კი ყველაზე მეტად სადავო ეპიზოდის გამო მოხვდა ყურადღების ცენტრში — მერსისაიდელთა 26 წლის ვარსკვლავი დანილო პერეირასთან ორთაბრძოლის ეპიზოდში გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ეგვიპტელი დაინდო, არადა თავად ინგლისური პრესა წერს, რომ მას მეტოქისთვის ფეხის მოტეხა შეეძლო.

ზოგიერთმა საიტმა გულშემატკივართა კომენტარებზე გაამახვილა ყურადღება. თვალში საცემია საყოველთაო გაკვირვება: სად იყურებოდა ვიდეორეფერი?!

კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელშიც ინგლისური პრესის აზრით ვიდეორეფერიმ „ლივერპული” დაინდო, იყო, როდესაც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ ამის გამო „პორტუს” პენალტი არ დაარტყმევინეს.

სამაგიეროდ, ვიდეორეფერიმ თავი გამოიჩინა „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრაში, სადაც „სიტის” სასარგებლოდ „შეუმჩნეველი” პენალტი დანიშნა, ოღონდ სერხიო აგუეროს დარტყმა უგო ლორისმა მოიგერია. „ტოტენჰემმა” სონის გოლით „ქალაქელებს” 1:0 მოუგო.