- რატომ წააგო ინგლისის ნაკრებმა 0:2 ჩილელებთან?
- იმიტომ, რომ ჰოდლმა სტიუარტ პირსი და მეტ ლეტისიე არ ათამაშა.
- ამათ რომ ეთამაშათ, რა მოხდებოდა?
- მაშინ 0:4-ს წააგებდა.
- ჰო, მაგრამ, დიონ დაბლინის თამაში ხომ ექსპერიმენტი იყო?
- ერთმა ძველმა მეცნიერმა სახურავზე რკინის ჯოხი დააყენა და ჯოხს რომ მეხი დაეცა, ხელი მოკიდა, აბა, რა მოხდებაო. ესეც ექსპერიმენტი იყო.
- რა მოუვიდა იმ მეცნიერს?
- ის, რაც „მანჩესტერ სიტის“ მოსდის ყოველ შაბათს, ფეხები გაფშიკა.
- მაშ ჩილე ძლიერი გუნდი ყოფილა. იოლად ხომ ვერ მოიგებ „უემბლიზე“?
- გააჩნია, ვის ეთამაშები. თუ „უემბლიზე“ ინგლისის ნაკრებს ხვდები, უეჭველად მოიგებ.
- ამის მიზეზი ძნელი საპოვნია?
- მიზეზი ცნობილია – ინგლისელ ფეხბურთელებს არ უყვართ „უემბლი“. ამიტომაც ანგრევენ. მის ადგილას ახალი უნდა აააშენონ, ჰოდა ნაკრები სხვაგან ითამაშებს.
- სად?
- „ოლდ ტრეფორდზე“.
- განა „ოლდ ტრეფორდზე“ უყვართ ინგლისის ნაკრები?
- თუ ინგლისი ნორვეგიას არ ეთამაშება, მაშინ უყვართ.
- რატომ ნორვეგიას?
- იმიტომ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ იგივე ნორვეგიის ნაკრებია.
- კარგი და, ინგლისმა თუ სულ წააგო და წააგო, ჰოდლის ნაცვლად ვის დანიშნავენ?
- უეჭველად ჯანლუკა ვიალის.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად „ჩელსის“ ფეხბურთელი უნდა იყოს.
- ჰო, მაგრამ, გულიტი?
- გულიტი აღარ არის „ჩელსის“ ფეხბურთელი. პირდაპირ „სტემფორდ ბრიჯიდან“, შენი ბუცებიანად უნდა მიხვიდე ნაკრების მენეჯერად და მაშინ მიგიღებენ.
არა მგონია, ეგ სწორი იყო, გრემ ტეილორი ხომ არ მოქცეულა ასე? - გრემ ტეილორს მისამართი შეეშალა, „გრიმსბი თაუნში“ იყო მიწვეული მენეჯერად და ისე გამოვიდა, ბირმინგემიდან გრიმსბიში რომ მოდიოდა. ავტობუსში ჩამოეძინა. რომ გაიღვიძა, უკვე ლონდონში იყო და გადაწყვიტა, ბარემ აქა ვარ და ნაკრებსაც გავწვრთნიო. მაშინ სხვა დრო იყო.
- და გულიტს თუ შეუძლია ფეხბურთის თამაში?
- გულიტს ისევე შეუძლია ფეხბურთის თამაში, როგორც ვიალის მწვრთნელობა.
- რა შუაშია აქ ჰოდლი?
- ჰოდლსაც არ შეეძლო მწვრთნელობა, როცა ფეხბურთელი იყო. ვერც ფეხბურთელობა შეძლო, მწვრთნელი რომ გახდა.
- განა ეს რაიმეზე მეტყველებს?
- ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჰოდლს ვერ გადაუწყვეტია, საკუთარი თავი გამოიძახოს ბიშემში თუ სტივ მაკმანამანი.
- ესე იგი, ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობისთის ვერ იბრძოლებს?
- ეგებ იბრძოლოს კიდეც, თუ ნახევარფინალი „უემბლიზე“ არ ექნა და პენალტები არ შეექნა დასარტყმელი.
- რატომ ვერ გააქვთ პენალტები ინგლისელებს?
- იმიტომ, რომ სკოლაში რაგბის სწავლობენ და მერე ფეხბურთელები ხდებიან.
- ამისთვის რა უნდა იღონონ?
- ბლატერს უნდა დაურეკონ, იმას უყვარს კარის გაზრდაზე ლაპარაკი.
- მაშ, საშველი აღარ ყოფილა?
- არის საშველი: ბეტის კოჭები შირერს უნდა ჩაუდგან, ლეს ფერდინანდის ტანს ოუენის სული უნდა შთაბერონ, რობ ლი და სტივ მაკმანანამი ერთმანეთს შეაწებონ სიამის ტყუპებივით.
- და ბექემი?
- ოცდაორი წლის ბიჭი რომ ცოლად მატრაკვეცა სფაის გოგოს შეირთავს, მისი ფეხბურთი წასულია.
- რატომ არის წასული?
- იმიტომ, რომ თამაში სიმღერა ჰგონია?
- და გაზა?
- მოდი, ამინდზე ვილაპარაკოთ.
21.02.1998