ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის, ლონდონელთა ვარსკვლავი ჰარი კეინი სერიოზულად დაშავდა. მან შეიძლება მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს, მაგრამ… მიმომხილველთა უმეტესობის აზრით ყველაფერი თავად მისი ბრალია.

25 წლის ფორვარდმა ფაბიან დელფს აუტის ხაზთან ფეხი ისე ჩაუდგა, რომ მან წვივზე დააბიჯა.

„ტოტენჰემის“ თავკაცი მაურისიო პოჩეტინიო ფიქრობს, რომ დელფს გაუმართლა, რადგან მოედნიდან არ გააძევეს, თუმცა არგენტინელ მწვრთნელს ბევრი არ ეთანხმება.

BeIN Sports-ის ექსპერტმა, ლეგენდარულმა პიტერ შმაიხელმა თქვა: „არ მიმაჩნია, რომ ფაბიან დელფმა რამე ცუდი გააკეთა. „ტოტენჰემის“ ახალ სტადიონზე მხოლოდ მესამე მატჩი ჩატარდა და აშკარაა, რომ მოთამაშეებს ფეხი უცურავთ. ალბათ, მინდორი ჯერ 100 პროცენტით არც არის მომჯდარი“.

მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთმა დიდმა ვარსკვლავმა რუუდ გულიტმა კი დასძინა: „რაც მოხდა კეინის ბრალი იყო. ის მეტოქეს ფაქტობრივად არაფრის გულისთვის ველურივით მივარდა“.

ექსპერტებს გულშემატკივრებმაც შეუერთეს ხმა. მავანმა მანჩესტერელმა ფანმა, მაგალითად, დაწერა: „დელფი არაფერ შუაშია. კეინი  ორთაბრძოლაში დაუფიქრებლად შეფრინდა“.

„ტოტენჰემის“ ქომაგი: „კეინი ძალიან გვიყვარს, მაგრამ თუკი სურს, რომ ხანგრძლივი კარიერა ჰქონდეს, უპერსპექტივო ორთაბრძოლებში დათმობა უნდა ისწავლოს“.

დელფს მატჩის დამთავრების შემდეგ „ტოტენჰემის“ მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო გამოელაპარაკა და შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე მოყვა, რა უთხრა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს:

„დელფი ჰარიზე გაბრაზებული იყო და აგრესიას ამჟღავნებდა, მე კი ავუხსენი, რომ ამ ეპიზოდის დროს არც ის აპირებდა ჰარის დამტვრევას და არც ჰარის ჰქონდა მისი დაშავების სურვილი. ასეთი ძალისმიერი ორთაბრძოლები ფეხბურთში ხდება ხოლმე.

ჰარიმ კოჭი ამოიბრუნა. დელფი ბურთს შეეხო და შემდეგ კეინს კოჭზე დააბიჯა. მე მას ვუთხარი, რომ გაუმართლა, რადგან ვიდეორეფერი ყველაფერს უყურებს და შეიძლებოდა მისი მოედნიდან გაძევებაც კი მოეთხოვა. ჩვენ მეგობრული საუბარი გვქონდა“.