ფილიპე კოუტინიუმ თქვა, პრემიერლიგაში არ დავბრუნდებიო. მართალია, ბრაზილიელი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ხვდება, მაგრამ მაინც „კამ ნოუზე“ უნდა დარჩენა.

შეგახსენებთ: კოუტინიუ „ბარსაში“ „ლივერპულიდან“ გადავიდა. ეს 2018 წლის იანვარში მოხდა. ესპანეთის ჩემპიონმა მასში 144 მილიონი გირვანქა გადაიხადა.

იმის გამო, რომ 26 წლის თავდამსხმელი „ბლაუგრანას“ თერთმეტ კაცში ვერ ხვდება, წლეულს იანვარში დაიყარა ხმა, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასასვლელად ემზადებოდა. „იუნაიტედი“ ზაფხულში გაძლიერებას აპირებს და ამბობდნენ, „ბარსელონას“ კოუტინიუს სანაცვლოდ 100 მილიონ გირვანქას შესთავაზებსო. ითქვა „ლივერპულში“ დაბრუნებაზეც, მაგრამ ფეხბურთელმა ეს ხმები უარყო:

„გონებაში მხოლოდ „ბარსელონა“ მიტრიალებს. ინგლისში დაბრუნება ჩემს გეგმებში არ შედის. მეორე სეზონია, რაც „კამპ ნოუზე“ ვარ და უკვე მოვიგე ტიტულები, მაგრამ ამბიციური კაცი გახლავართ და მეტი მინდა. თავს ბედნიერად ვგრძნობ. ესპანეთში მინდოდა თამაში და ოცნება ამიხდა — ესპანეთის საუკეთესო კლუბში ვარ“.

და მაინც, კოუტინიუს ინგლისში დაბრუნება მოუწევს — ოთხშაბათს „ბარსელონა“ „ოლდ ტრეფორდზე“ ჩადის, სადაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხვდება.

„თუ „ოლდ ტრეფორდზე“ მე და ლუის სუარესს გვისტვენენ, გასაკვირი არ იქნება, რადგან ჩვენ ინგლისში ყოფნის დროს „ლივერპულის“ ფეხბურთელები ვიყავით. თუმცა, ეს ჩემზე არანაირად არ იმოქმედებს. მეტსაც გეტყვით, თუ მისტვენენ უფრო მობილიზებული ვიქნები. კარგად ვიცი რასაც ნიშნავს ინგლისელებისთვის „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრები. ეს ჩემს გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა და მართალია ახლა „ბარსელონას“ ფეხბურთელი ვარ, თუკი მანჩესტერელებს მოვუგებთ, პირადად ჩემთვის დამატებითი სიხარულის მიზეზი იქნება“.

წილი
წინა სტატიარა მოხდა ბათუმში?
შემდეგი სტატიამილანი ან სტოკჰოლმი
პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.