„კამპ ნოუზე”, „ბარსელონასა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში მადრიდელები 28-ე წუთზევე უმცირესობაში დარჩნენ. მიზეზი: დიეგო კოშტა მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ეს იყო პირდაპირი წითელი ბარათი.
თამაშის წინ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი „ატლეტიკოს” 8 ქულით უსწრებდა. შეხვედრა „ბარსელონას” გამარჯვებით, 2:0 დამთავრდა და ახლა გუნდებს შორის 11 ქულაა. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია.
კოშტამ თავისი საქციელით „ატლეტიკო” ცუდ დღეში ჩააგდო. „კამპ ნოუზე” „ბარსელონას” დამარცხება ისედაც წარმოუდგენლამდე ძნელი საქმეა, მითუფრო მას მერე, რაც გუნდს უმცირესობაში დატოვებ. მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ გაესპანელებულ ბრაზილიელს წითელი ბარათი იმიტომ აუფრიალა, რომ მან არაკორექტულად გამოთქვა პროტესტი — ჯარიმას ითხოვდა. მოგვიანებით არბიტრმა მატჩის ოქმში ჩაწერა:
„28-ე წუთზე მოთამაშე დიეგო და სილვა კოშტა გავაძევე შემდეგი მიზეზის გამო: მან ხმამაღლა დამიყვირა „და..ჯვი შენს ბოზ დედას” და ეს ორჯერ გაიმეორა”.
„ატლეტიკოს” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩის ბოლო წუთებამდე ანგარიში იყო 0:0, თუმცა ბოლო 5 წუთში ლუის სუარესმა და ჩინებულ ფორმაში მყოფმა ლეო მესიმ მაინც გაიტანეს ორი გოლი.
მატჩის შემდეგ, ინციდენტის შესახებ „მარკასთან” ილაპარაკა მადრიდელთა არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემაც. მან თქვა, წითელი ბარათი სამართლიანი იქნებოდა კოშტას მსაჯისთვის შეურაცხყოფა რომ მიეყენებინაო.
„11 შეხვედრაში 7 წითელი ბარათი მივიღეთ. ეტყობა რაღაცას არასწორედ ვაკეთებთ. მე მსაჯს ვკითხე, რა მოხდა მეთქი, მან კი ისეთი რამ მიპასუხა, რასაც კოშტა უარყოფს. რომ იცოდეთ, სხვა ფეხბურთელებიც ბილწსიტყვაობენ, მაგრამ მათ არ აგდებენ, დიეგოზე კი გამორჩეული კანონი მოქმედებს.
თუ მსაჯი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის წარმოთქმული ბილწსიტყვაობა შეურაცხმყოფელია, ის პირდაპირ წითელ ბარათს იღებს. მაგრამ, ყოველთვის ერთი და იგივე ხომ არ ხდება…
2015-16 წლების სეზონში მათ თვით გულშემატკივართა კერპი ფერნანდო ტორესი გააძევეს და ამის მერე რაღას უნდა ელოდე. ამის მერე ხომ ყველა შეიძლება გააძევონ”.