ჩემი შვილი კი არ დავაყენე, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი დავაყენე, თან ისე, რომ სხვა გამოსვალი არ მქონდაო.

ასე თქვა, „რეალის“ სათავეში მობრუნებულმა ზინედინ ზიდანმა, როცა ერთი კვირის წინ, 3-2-ზე მოგებულ თამაშში „რეალის“ ძირითადში მისი ვაჟი, ლუკა დააყენა კარში.

იღბლიანი დღე გამოვიდა. ახალბედა მეკარე ჩადგა და მოიგეს. მესამე მეკარე. ზიზუმ იოლად ახსნა: ტიბო კურტუა დამტვრეულია, კეილორ ნავასს კი კოსტა-რიკული სანაკრებო თამაშის შემდეგ ამოსუნთქვის საშუალება მივეცი და ამიტომაც მესამე მეკარე დავაყენეო, ანუ ნავასმა ნაკრებში ითამაშა და დაასვენა.

ნავასი ხუთი წელიწადია „რეალშია“ და ორის გამოკლებით ასი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ჯერაც 20 წლის ლუკა ზიდან ფერნანდესისთვის კი „რეალის“ ძირთადში დგომის მეორე შემთხვევა იყო.

პირველად ის თითქმის ერთი წლის წინათ დადგა მადრიდელთა კარში, ფრედ დამთავრებულ თამაშში, სადაც ისევე, როგორც ახლა ორი გოლი გაუშვა, თუმცა გუნდს კვლავ არ წაუგია.

ეს ამბავი 19 მაისს იყო, 12 დღის შემდეგ კი მამამისი „რეალის“ მწვრთნელობიდან წავიდა.

თუმცა, აჰა, მოაბრუნეს, ლოპეტეგი წახდა, მერე ის არგენტინელი კაცი ცდლობდა, არაფერი გამოუვიდა და ისევ ზიზუ მოაბრუნეს და მოგებებიც მიაყოლა. ჯერ ორიოდე, მაგრამ მაინც.

ჰოდა, დააყენა ბიჭი. რა საჭიროა ამდენი შეკითხვა?

ნეპოტიზმი. გადამოწმება.

ასე რომც იყოს და, ეგებ არის კიდეც.

ფეხბურთში ეგ იჭერს და ზიზუსნაირი კაცი იოლად გაანგრევს. სხვა საკითხია, რამდენად ამართლებს მსგავსი რამ პელეს შვილიდან დაწყებული, აგერ, ამით დამთავრებული.

პელე მწვრთნელი არ ყოფილა და მამა-შვილ ფეხბურთელების სიები კი უგრძესია, სადაც ზოგჯერ შვილს უფრო უვარგია მსოფლიო ამბავში, ვიდრე მამას, ფრენკ ლამპარდები რომ ავიღოთ. თუმცა, აღმოსავლეთ ლონდონის საფეხბურთო სუბკულტურაში განთქმული ლამპარდი კვლავაც ფრენკის შვილად მოიხსენიება. ეს სხვა, დიდხანს სალაპარაკო ამბავია.

აქ კი უფრო მწვრთნელ მამასა და მის გუნდში მოთამაშე შვილ ფეხბურთელზეა ამბავი, თორემ, ლა ბრუხა-ლა ბრუხიტა ვერონები მსოფლიოში რეესტრულად უთვალავია.

ბრიან კლაფმა დაიწყო თავისი შვილს, ნაიჯელის დაყენება და ზიზუ რაღაა შესამოწმებელია?

ახლა, ზიზუმ ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩ-ლიგა და ამ კლაფმა მხოლოდ ზედიზედ ორჯერ ჩ-თასი, მაგრამ მაინც, მწვრთნელობაზე რომ მიდგება საქმე, ამ ქლაირვილელ კაცს უფრო წინ ვახსენებთ, ვიდრე კეთილმოღვაწე ზიზუს. თანაც, მის შემთხვევაში ყოველგვარი სამხრეთული ეჭვები მოხსნილია.

ნაიჯელ კლაფი მესამე დუბლიორი არ ყოფილა. არც მამამისის „ნოტინგემი“ იყო უკვე „რეალი“ და, აქაც გაგვახსენდება ხორდი კურიფი.

კი, ხორდი არ იყო დიდი მოთამაშე, მაგრამ მაინც მოთამაშე იყო. „ბარსელონაშიც“ ჰქონდა კარგი სეზონი და „მანჩესტერშიც“ და მერე ბასკეთშიც ხომ პროფესორობდა.

მაინც წაიხამუშებდა, მამამ დააყენაო, რომ იტყოდნენ. კრუფიზე.

ზიზუს ბიჭი კი მეკარეა.

ეს თავისთავად და ცოტა არ იყოს მინუსია: როგორ შეიძლება, ზიზუს შვილი კარში იდგეს?  იტყვიან, პელეს შვილი თუ იდგა კარში, ესეც იდგებაო. ღმერთმა კი დაუფაროს ამ ლუკას ედინიოს ამბავი, რომელსაც საბოლოოდ 33 წელიწადი მიუსაჯეს და კარგი, პელეს ბიჭია და 13 იჯდესო. ზის და საერთოდ, ძნელია. ეგ ძნელი ამბავია.

მამა ზიზუ და შვილი ფეხბურთელი მეკარე. უკვე, დაცვაა.

თუმცა, ყოველივე ამაზე ვუპასუხებთ, რომ სამყარო თავისუფალია.

კი, მაგრამ, რაღაცეები ასახსნელია.

წილი
წინა სტატიაილია მიდის, ბექა რჩება
შემდეგი სტატიალუკას გახარება
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.