მოურინიუმ 2010 წელს „ინტერს” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა

ამბობენ, რომ ჟოზე მოურინიუ მომავალი სეზონიდან საქმეს დაუბრუნდება — პორტუგალიელს „რომა” დაკავშირებია.

მოურინიუ ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობდა, სადაც ფეხბურთელების ლამის ორ მესამედთან იჩხუბა და შედეგად „ოლდ ტრეფორდზე” აღარ დაედგომებოდა. ამის მიუხედავად, ინგლისელი მიმომხილველი რაიან სლეიდი ამბობს, რომ ფეხბურთი „განსაკუთრებულის” გარეშე მოსაწყენია. სლეიდი წერს, რომ შესაძლოა ბევრის აზრით მოურინიუს გუნდები შემტევ და ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობენ, მაგრამ ვერავინ იტყვის რომ პორტუგალიელი ხალხს მოაწყენს.

სანამ „რეალში” ზინედინ ზიდანი დაბრუნდებოდა, წერდნენ, რომ მადრიდელთა გაძღოლის მთავარი კანდიდატი სწორედ 56 წლის მურინიუ იყო, მაგრამ საქმე ჩაიშალა. შემდეგ მას „ლიონსა” და „ბაიერნსაც” უკავშირდებოდნენ. ახლა კი ინგლისურმა „მირორმა” და „სქაი იტალიამ” დაწერეს, „რომა” გააქტიურდა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ დასაწყის ეტაპზეაო.

სეზონის ბოლომდე „რომას” კლაუდიო რანიერი წვრთნის. რანიერი ის კაცია, რომელიც მოურინიუმ „ჩელსიში” შეცვალა, როდესაც ის პირველად მივიდა დასავლეთ ლონდონურ კლუბში. „რომაში” რანიერი მარტიდან მუშაობს, მას მერე, რაც რომაელებმა ეუსებიო დი ფრანჩესკო გაუშვეს.

სხვადასხვა წყაროები კი წერენ, რომ „რომა” არ არის ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელსაც ჟოზე მოურინიუს თავის სამსახურში ჩაყენება სურს. თითქოს „ინტერსაც” უნდა პორტუგალიელის დაბრუნება: ლუჩანო სპალეტიმ გასულ სეზონში „ნეროაძური” ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა და დღეისათვის 30 ტურის შემდეგ გუნდი მესამე ადგილზეა, მაგრამ რამდენიმე ბოლოდროინდელი შედეგის გამო მას ოთხეულში შესასვლელად მაინც დიდი ბრძოლა მოუწევს. ესეც არ იყოს, სპალეტის „ინტერის” ვარსკვლავ მაურო იკარდისთან გაფუჭებია ურთიერთობა.