საფრანგეთის საკლუბო ელიტის მეორე დივიზიონის რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ერთი ტურიღა დარჩა გასამართი, მაგრამ უკვე კარგა ხანია ცნობილია ფედერალ 1-ში გავარდნილი ერთი გუნდის ვინაობა. ესაა „მასი“ – ილია კაიკაციშვილის გუნდი, რომელმაც სეზონი სუსტად ჩაატარა. თავად კაიკაციშვილი გუნდს მხოლოდ გაზაფხულზეღა დაუბრუნდა შემოდომაზე მიღებული ტრავმის შემდეგ, თუმცა 10 მატჩში მონაწილეობა კი მოასწრო და თავის გუნდს 2 ლელოთი შეეწია.
ვინაიდან „მასი“ ქვედა ლიგაში პრაქტიკულად გავარდა, კლუბის ხელმძღვანელობამ სამომავლო ბიუჯეტი შეამცირა და ილიამ გუნდის დატოვება გადაწყვიტა. კაიკაციშვილი თავისუფალი აგენტი გახდა და ახალი გუნდის მოძებნას შეეცდება. ცნობისთვის, შარშან ილია კაიკაციშვილი მილტონ ჰეიგის გამოძახებულთა სიაში აღმოჩნდა, მაგრამ მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე უმწვავეს კონკურენციას ვერ გაუძლო და მისი სანაკრებო დებიუტი არ შედგა.
თუ „მასი“ უკვე გავარდნილია, „კოლომიეს“ ლიგაში დარჩენის შანსი კიდევ აქვს, ამდენად იმედი დავიტოვოთ, რომ პრო D2-ის სხვა ქართველი მარჯვენა ბურჯი არ გამოეთხოვება. საუბარია 32 წლის ბექა შეყლაშვილის შესახებ, რომელსაც კაიკაციშვილისგან განსხვავებით სანაკრებო გამოცდილება აქვს-კარიერის საუკეთესო წლებში მან ბორჯღალოსანთა რიგებში 5 კეპი მოიხვეჭა. მილეულ ფრანგულ სეზონში კი, მან „კოლონიეს“ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ბექას „კოლომიესთან“ კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურებოდა, მაგრამ ვეტერანი ბურჯი იმდენად სტაბილურად თამაშობდა, რომ კლუბმა მასთან თანამშრომლობა 2 სეზონით გაახანგრძლივა. ეს ნიშნავს, რომ შეყლაშვილი „კოლომიეში“ 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.