მართლაც უჩვეულო ლოგიკით ცხოვრობს თანამედროვე საფეხბურთო სამყარო. მოვლენებს ხშირად ისეთი ფაქტორები განაპირობებს, ბურთის გორებასთან პირდაპირი კავშირი რომ არ აქვს. ასე მაგალითად, თუ ესპანელი ფეხბურთელი ანდერ ერერა ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „პარი სენ ჟერმენში” გადავა, მას დაენიშნება კვირაში 200 000 გირვანქის (233 ევროს) ტოლი ხელფასი და ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოთამაშე გახდება. ერერას ოსტატობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ სხვა ეჭვი გვაქვს. კერძოდ ის, რომ მისი დონის ფეხბურთელები ქვეყნად სხვებიც არიან და მათი რაოდენობა რარიტეტულს ნამდვილად აღემატება. მოკლედ, ერერა არც ლეო მესია, არც კრიშტიანუ რონალდუ და არც ვთქვათ ნეიმარი ან კილიან მბაპე (ასაკის გათვალისწინებით), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რომ იყოს, მაგრამ კომერციას თავისი წესი აქვს.

ახლა იმის შესახებ, რამ მიაახლოვა ანდერ ერერა პარიზელთა ხუთწლიან კონტრაქტთან. ის „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი ხელშეკრულების პირობებს ვერ ათანხმებს და სეზონის ბოლოს, „ოლდ ტრეფორდიდან”, სავარაუდოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. ეს იმას ნიშნავს, რომ მის შემდეგ კლუბს (სავარაუდოდ, „პარი სენ ჟერმენს”) მისი ტრანსფერის თანხა არ ექნება გადასახდელი და ფეხბურთელისთვის დიდი ხელფასის დასანიშნად ხელ-ფეხი გაეხსნება.

ანდერ ერერა 29 წლისაა. ის „მანჩესტერ იუნაიტედში” ბილბაოს „ატლეტიკიდან” 2014 წელს გადავიდა. დღეს ესპანელი მანჩესტერელებს კვირაში 160 000 გირვანქას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახალი კონტრაქტის განახლებაზე უარს აცხადებს.

ბოლო ხანს, „მანჩესტერ იუნაიტედში”, ხელფასებთან დაკავშირებით ერთგვარი დაძაბულობაა. აქ არა მარტო ანდერ ერერა, არამედ სხვა ფეხბურთელებიც ითხოვენ ჯამაგირის გაზრდას, რადგან ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი, როგორც ამბობენ, კვირაში 505 000 გირვანქას იღებს. არადა, სანჩესი ასეთი თანხისას ნამდვილად არაფერს აკეთებს.

დადის ჭორი, რომ მანჩესტერელთა ახალი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ზაფხულში გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. კერძოდ, ლაპარაკია 33 წლის ანტონიო ვალენსიაზე, 29 წლის მატეო დარმიანსა და მის თანატოლ მარკოს როხოზე.

რაც შეეხება 30 წლის ხუან მატას, ნორვეგიელ მწვრთნელს მისი დატოვება აქვს განზრახული.