ესენი ვინა ყოფილან?

მთელი ნიუკასლი, მთელი საჯორდეთი ფეხზე დგას.

ხალხს გუნდის აღზევება ევალება და თურმე რეებს ლაპარაკობენ?

კლუბის ოდინდელ თავმჯდომარეს სერ ჯონ ჰოლს ვაჟიშვილი ვერ გამოდგომია.

საქმე კი იმაშია, რომ ინგლისურმა ტაბლოიდებმა, კრეძოდ კი „უორლდ ონ სანდიმ“ ნუიკასლ იუნაიტედის“ ორი თავკაცი, თავმჯდომარე ფრედი შეფერდის და დირექტორ დუგლას ჰოლის ამბავი მოჰფინა ქვეყანას.

ესენი ვინა ყოფილანო, კითხულობს გაზეთი. ყოველივეს დაცინვით უმზერენ და ამით კლუბსა და მის ფანებს ღირსებას ულახავენ.

აი, მათი ნალაპარაკევი: რა ბითურები არიან ნიუკასლელი ფანები, ახალ საკლუბო მიასურებს რომ არ ყიდულობენო, ანდა რას გვანან ნიუკასლელი ქალები, ნამდვილი ძუკნები არიანო, ანდა, როგორ მოვაკვარახჭინეთ ის საქმე, „მანჩესტერს“ რომ ინვალიდი ენდი კოული მივყიდეთ 7 მილიონადო.და ალან შირერს. ცინიკოს ფრედის და ცინიკოს დუგლასს ისიც კი უთქვამთ, ჩვენი ფანები საკუთარ თავს კიტ გილესპისთან აიგივებენ, რახან მასავით ლოთები და ხიფათის მოყვარე ბიჭები არიანო.

და რაღას უნდა ელოდოს კაცი იმ ხალხისგან, ვისგანაც მხარდაჭერას და სიხარულს გამოელოდა. ამ ჯეელებს კაჭკაჭთა გუნდი არ ჰყვარებიათ და კაჭკაჭთა ფანებმაც არ დაახანეს, გასულ შემოდგომაზე გადამდგარ სერ ჯონ ჰოლს, ყოფილ თავმჯდომარეს და ამჯერად საპატიო პრეზიდენტს მოუწოდეს ესენი გადააყენე და საქმეს მოუბრუნდიო. „ნიუკასლის“ დამოუკიდებელ ქომაგთა ასოციაციის თავკაცმა ჯონ რიგანმა კი ისეთი გულსაკლავი რამეები თქვა, რომ კლუბის აქციები საფონდო ბირჟაზე 6 პუნქტით დაეცა და ცინიკოსებმა სულ თავში იცეს ხელები.

გუშინ, შეფერდმა და უცროსმა ჰოლმა სანდო კაცის პირით ბოდიში შემოთვალეს. სანდო კაცმა თქვა, ვინც ფრედისა და დუგლასს იცნობს, მიხვდება რომ ძალიან ნანობენ და ამგვარი ცინიზმი საერთოდ არ ახასიათებთო.

ნიუკასლში კი ჯერჯერობით ისევ ბობოქრობენ, ცალკე გაძვირებული მაისურების გამო, ცალკე ცხრილში დაჭერილი 15-ე ადგილის გამო და ცალკეც იმიტომ, რომ თავიანთი ქალები სულაც არ მიაჩნიათ ძუკნებად.

ეს ჯორდთა მხარეა და ფრთხილად უნდა იყო.

გაგონილა?

 

 

19.03.1998

წილი
წინა სტატიარით გაგახაროთ, სომხეთით?!
შემდეგი სტატიარეგულარული დამთავრდა
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.