„რეალის” ლეგენდა რაული მწვრთნელის კარიერისთვის ემზადება და მადრიდელთა ასაკობრივ ჯგუფებთან უკვე წარმატებებსაც აღწევს.
შარშან, 2001 წლის „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მეორე ადგილის მფლობელმა (პირველზე მაიკლ ოუენი გავიდა) იმ სამწვრთნელო კურსებზე იარა, რომელზეც ამბობდნენ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ვარსკვლავური იყოო. უეფას A და B ლიცენზიების მისაღებად ამ კურსებზე რაულის გარდა სწავლობდნენ ვიქტორ ვალდესი, ჩაბი ალონსო, ჩავი, ხოან კაპდევილია, ლუის გარსია, ჟულიო ბაპტისტა, მარკოს სენა, მიკელ ალონსო (ჩაბის ძმა) და ალბერტ რიერა.
კურსების დამთავრების შემდეგ რაულმა საქმეში სცადა ბედი და კარიერა „რეალის” Cadete B გუნდიდან ანუ 15-წლამდელებიდან დაიწყო. მოგვიანებით, ვარსკვლავურ კარიერაში 400-ზე მეტი გოლის ავტორმა 18-წლამდელებში გადაინაცვლა, სადაც სენსაციურად მოხსნილი ალვარო ბენიტოს ადგილი დაიკავა. ალვარო ბენიტო კი იმიტომ მოხსნეს, რომ „ელ კლასიკოში” 0:3 დამარცხების შემდეგ საჯაროდ გააკრიტიკა კაზემირო და ტონი კროოსი — „რეალში” მათი ადგილი არ უნდა ყოფილიყო, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ არ აპატია.
15-წლამდელთა გუნდი რაულმა კარგად ათამაშა — სანამ იქ იყო, სულ ცხრილის სათავეში ან სათავესთან ახლომახლო ჰყავდა, 18 წლამდელები კი ჩემპიონები გახადა.
ცნობისთვის: „რეალის” 13-წლამდელებს ჩაბი ალონსო ავარჯიშებს.