
ვლადიმირ გრიგორის ძე ზაკი, საბჭოთა ეპოქის მწვრთნელი-ლეგენდა, აღმზრდელი ბორის სპასკისა, ვიქტორ კორჩნოისა და გატა კამსკისა, თავის საჭადრაკო ბესტსელერში, “სრულყოფის ხელოვნება” დიდი მორიდებით არ გამოირჩევა. გინდ კასპაროვი იყოს, პარტიების ანალიზისას თუ რამ ნაკლი უპოვა, კარგად მისცხებს ხოლმე. მისგან შესრულებული საჭადრაკო პარტიების ანალიზი გადამოწმებას არ საჭიროებს.
მაგრამ არის წიგნში ეპიზოდი, სადაც ავტორს თვალაწყლიანებულს ვხედავთ: “ჩემს შეხედულებათა ჩამოყალიბებაში მთავარი წვლილი ორმა უდიადესმა საჭადრაკო მწვრთნელმა შეიტანა – სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა, სსრკ დამსახურებულმა მწვრთნელმა პეტრე არსენის ძე რომანოვსკიმ და სსრკ დამსახურებულმა მწვრთნელმა ვახტანგ ილიას ძე ქარსელაძემ. ისინი ერთმანეთს სულ არ ჰგავდნენ, მაგრამ საერთო თვისება ჰქონდათ – ჭადრაკის და ადამიანის სიყვარული”.
სწორედ ჭადრაკის და ადამიანის სიყვარულმა შეაძლებინა ვახტანგ ქარსელაძეს იმ დიდი ლეგენდის შექმნა, რასაც საქართველოს ქალთა საჭადრაკო სკოლა ქვია.
ხელობით მათემატიკოსი მოჭადრაკეც ძლიერი იყო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დავით გურგენიძისეულ კოლექციაში მას საქართველოს ვაჟთა 1941 წლის ჩემპიონატზე ვხედავთ მიხეილ შიშოვის, არჩილ ებრალიძის, ჰენრიხ კასპარიანის, ვლადას მიკენასის, ვიქტორ გოგლიძის და პირველი ქართული საჭადრაკო ელიტის სხვა წარმომადგენელთა კომპანიაში, მაგრამ ომმა ყველაფერი არია და ქარსელაძეს ცხოვრებაში ახალი, ალბათ უფრო დიდი როლი დააკისრა.
დიდოსტატმა და ქართული ჭადრაკის მემატიანე თენგიზ გიორგაძემ თავის ერთ წიგნში გაიხსენა:
“1954 წლის ცხელი ივლისი იდგა. ვახტან ქარსელაძემ დამირეკა და მთხოვა, მასთან პიონერთა სასახლეში მივსულიყავი – ის ზუგდიდელი გოგონა უნდა გაგაცნო, შენთან ბევრჯერ რომ მიქიაო. სასახლეში რომ მივედი, შორიდან დამანახვა პატარა, მოსწავლის ფორმაში გამოწყობილი ბაფთიანი გოგონა. ჩემი იქ ყოფნისას ნონამ მოსაწონი სვლა გააკეთა. ვახტანგს ეს რომ ვუთხარი, სახე გაებადრა:
– ხომ გეუბნებოდი, ნიჭიერია, მომავალი მსოფლიო ჩემპიონი!
ეჭვის თვალით შევხედე და გავუღიმე. ვახტანგი ემოციური კაცი იყო, ზოგჯერ გადაჭარბებულად აქებდა თავის მოწაფეებს, მისი მათქვამი ახლაც გაზვიდებულად მეჩვენა.

– არც შენ გჯერა, ხომ? გავა დრო და დარწმუნდები, რომ მართალი ვიყავი – მითხრა თითქოს განაწყენებულმა“.
1962 წელს ვახტან ქარსელაძემ ერთხელაც უხმო თენგიზ გიორგაძეს ჭადრაკის სასახლეში და 13 წლის ნანა ალექსანდრია წარუდგინა. ბატონ თენგიზს ამჯერად ვერ გამოუვიდოდა გაღიმება: 62-ში გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ქართველთა დიქტატურა ქალთა ჭადრაკში დაწყებულიყო. ეს ის დროა, როცა მსოფლიო მასობრივად ეტანება ბრძენთა თამაშს, კონკურენცია გაათმაგებულია, ვაჟთა შორის ჭადრაკის სამეფო ტახტზე ფესვების გადგმის (ლასკერი, ალიოხინი, ბოტვინიკი) დრო წასულია და 2-3 ციკლის შემდეგ ახალი ჩემპიონები მოდიან. ამ დროს ქართველი ქალები, ვითომ დანარჩენი მსოფლიო და მათ შორის სსრკ 14 რესპუბლიკა არც არსებულა, 30 წლის მანძილზე თბილისიდან არ უშვებენ დედოფლის გვირგვინს. რა სისტემა უნდა შექმნა ასეთი, რა სიმყარის რკინაბეტონის კონსტრუქცია უნდა ააგო, რომ ასე დღეგრძელი გამოდგეს.
ქარსელაძემ ეს შეძლო, თან ერთი შეხედვით მარტივი ალგორითმის გამოყენებით. აი, მაგალითად, როგორ აღწერს მის მეთოდს ნონა გაფრინდაშვილი: “ვახტანგ მასწავლებლის მთავარი თვისება იყო საოცარი სიყვარული ბავშვებისადმი, ვისთვისაც არც დროს ზოგავდა, არც ძალას და ჯანმრთელობას. იგი ცდილობდა განევითარებინა ჩვენში საჭადრაკო აზროვნება და უნარი იმისა, რომ არ დაგვეკარგა რწმენა ყველაზე რთულ და რაც მთავარია, უცხო ვითარებაშიც. იგი არ მოითხოვდა ჭეშმარიტების დაზეპირებას, არამედ ცდილობდა ჩავწვდომოდი მის იდუმალ აზრს”.
თითქოს არაფერია ექსკლუზიური, მსოფლიოს ყველა ქვეყნის საჭადრაკო სკოლებში იქნება ბარე ორი მწვრთნელი, ვინც ახალგაზრდა თაობას დაზეპირებისგან იცავს და ტვინის ამუშავებას აჩვევს, მაგრამ ინებეთ მეორე ამონარიდი ზემოთ ნახსენები წიგნიდან: “დილა სისხამიდან თბილისის პიონერთა სასახლეში ქარსელაძე პატარა ბავშვების ალყაში იყო. საათები გადიოდა, პატარებს უმცროსკლასელები ცვლიდნენ, საღამოს კი “ელიტა” – თანრიგოსნები, უფროსი კლასის მოსწავლეები – მოდიოდა. ყველასთვის – პერსპექტიულთათვის, ნაკლებად პერსპექტიულთა ან იქნებ სრულიად უპერსპექტივოთათვის ქარსელაძე პოულობდა დროს და მოთმინებას, რათა თითოეულთან ჭადრაკის დაფას მისჯდომოდა”.

უფრო აქ მარხია ქარსელაძის საიდუმლოს გასაღები. მეთოდი, პედაგოგიკა, მეცნიერება – სულ კარგი და ლამაზი სიტყვებია, მაგრამ მათში გული არ ფეთქავს. უგულოდ კი დიდი და მითუმეტეს დიადი ვერაფერი გამოდის. ვახტანგ ქარსელაძეს იქნებ ორი დისერტაცია არ ჰქონდა დაცული, მაგრამ ჰქონდა მთავარი – იმ საქმის სიყვარული, რომელსაც ემსახურებოდა და კიდევ – სიყვარული ადამიანისა, რაც, აგერ, უცხოტომელმაც კი შენიშნა და დააფასა. მან თავაუღებელი შრომით ჯერ შექმნა მოჭადრაკეთა ცალკე “სოციალური ფენა” საქართველოში, შემდგომ კი რაოდენობა ხარისხში გარდასახა, ჯერ მაღალ (ელისო კაკაბაძე, მანანა ტოგონიძე, ალექსანდრე ბოკუჩავა, იური ჩიქოვანი, დავით ჯანოევი), შემდეგ კი უმაღლეს დონეზე (ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია). პირადად ვერ მოესწრო, მაგრამ მომდევნო თაობის ქართველ ქალთა დიდი აფეთქებებიც სწორედ მის მიერ აგებულ ფუნდამენტზე განხორციელდა.
ლეგენდები ადრე მიდიან და ვახტანგ ქარსელაძეც მალე დააკლდა ქართულ ჭადრაკს, მაგრამ სახელი კი დიდი დატოვა და სხვა დროს ზოგჯერ უმადურ ქართველებს ამჯერად არაფერი შეშლიათ: მისი სახელობის მემორიალი ყოველწლიურად უამრავ ოსტატს და ახალბედა ნიჭიერ მოჭადრაკეს უყრის თავს თბილისის ჭადრაკის სასახლეში.