გერმანიის საფეხბურთო კავშირი დროებით თავკაცის გარეშე დარჩა. გადადგომის შესახებ რეინჰარდ გრინდელმა თავად განაცხადა, ეს ყველაფერი კი „შპიგელის“ 29 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა.
რა გახდა გადადგომის მიზეზი? უმთავრესად იმას თვლიან, რომ 2017 წელს გრინდელმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ექსთავკაცის და კიევის „დინამოს“ პრეზიდენტის გრიგორი სურკისისგან საჩუქრად 6-ათასევროიანი საათი მიიღო.
ბევრი კი იძახა ჰერ გრინდელმა, სურკისი აღარ იყრის კენჭს უეფას აღმასკომში და ინტერესთა კვეთას ადგილი არ ჰქონია, თანაც არ ვიცოდი, თუ საათი ასეთი ძვირფასი იყოო, მაგრამ ვინ დაუჯერა…
აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს შეახსენეს, რომ საფეხბურთო კავშირის შვილობილი ფირმა DFB-Medien – დან წლიურ 78 ათას ევროს იღებდა და დეკლარაციაში არ შეიტანა.
შეახსენეს, ბუნდესტაგის მანდატზე და ZDF-ის ჟურნალისტობაზე უარის სანაცვლოდ ფედერაციაში 7500 ევრო ხელფასის გარდა ასევე არადეკლარირებულ 7500-ევროიან კომპენსაციაციას რომ იღებდა.
შეახსენეს, იოაჰომ ლიოვის უსაფუძვლო კრიტიკა.
შეახსენეს „დოიჩე ველე“-სთან გაბუტვა და შუაში გაწყვეტილი ინტერვიუ…
მოკლედ, რეინჰარდ გრინდელი რეალურად მედიასთან ომმა გადაიყოლა.
საინტერესოა, რომ საფეხბურთო კავშირის არც ერთ ჩინოვნიკს მისი ღია მხარდაჭერა არ დაუფიქსირებია. გერმანული ფეხბურთი ახალ თავკაცს სექტემბერში აირჩევს.