არგენტინულმა საიტმა mundoalbiceleste.com-მა გამოაქვეყნა ფრაგმენტები ინტერვიუდან, რომელიც ლეო მესიმ წინა კვირაში, ნაკრებში ყოფნის დროს 947 FM Radio-ს მისცა. „ბარსელონას” და „ალბისელესტეს” ლიდერის საუბარს ჩვენ ცოტა შემოკლებით გთავაზობთ.

არგენტინის ნაკრების შესახებ

„არგენტინელ ფეხბურთელთა ჩვენს თაობას უსამართლოდ მოექცნენ. ჩვენ არავის ვაბოლებთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და გამარჯვება გვინდა. მე თავად მინდა არგენტინის ნაკრებთან ერთად რაიმე ტიტული მოვიგო. ვაპირებ ეროვნული გუნდის ყველა მნიშვნელოვან მოვლენაში მივიღო მონაწილეობა. არადა, ძალიან ბევრმა ადამიანმა მირჩია ნაკრებში აღარ დავბრუნებულიყავი. ჩემმა შვილმა ასეთი რამ მკითხა: მამა, არგენტინაში რატომ გკლავენ?

რეალური სურათი კი ასეთია: დიდ წარმატებას რომ მივაღწიოთ, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ბიჭებს არგენტინის ნაკრების მაისურით ცოტა თამაში უწევთ. ამიტომ საჭიროა მოთმინებით აღიჭურვოთ და მე ეჭვი არ მეპარება, რომ წარმატება აუცილებლად მოვა.

არგენტინის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ

ეს ბავშვები აქ ჩემთან საბურთაოდ კი არ უნდა მოდიოდნენ, არამედ არგენტინის ნაკრებში თამაშს უნდა ეშურებოდნენ. მათი საქმე იგივეა, რასაც ყოველ შაბათ-კვირას კლუბებში აკეთებენ. მე თითოეულ მათგანთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს. ერთიხანობა ნაკრებში არ ვთამაშობდი, ამიტომ მე მათთვის ახალი ვარ და მათთან შერწყმა მმართებს.

იკარდის რაც შეეხება, მე და მან ერთად, თუ არ ვცდები, ორი თამაში ჩავატარეთ. ნამდვილად არ ვიცი, რატომ თქვა, რომ ადრე ნაკრებში კარგი ატმოსფერო არ იყო. მგონი ცუდად არ მოვპყრობივარ და ასე ლაპარაკის საბაბი არ მიმიცია.

საერთოდ, ბევრს არ ვლაპარაკობ. მე ვთამაშობ და სულ ეს არის.

კრიშტიანუ რონალდუს შესახებ

დღევანდელი ფეხბურთელებიდან მინდა გამოვყო ნეიმარი, სუარესი, მბაპე, აგუერო… დღეს მათ შეუძლიათ მსოფლიოს საუკეთესოები გახდნენ.

კრიშტიანუ? მე მას ამ ჯგუფიდან გამოვყოფდი და ჩემს გვერდით დავაყენებდი. გეფიცებით, ამას რომ ვამბობ სრულიად გულწრფელი ვარ.

ესპანეთში კრიშტიანუ დამაკლდა. ხანდახან ძნელი იყო იმის ყურება ტიტულებს მე კი არა ის რომ იღებდა, მაგრამ მასთან გაჯიბრება მომწონდა. კარგი იქნებოდა კვლავ ესპანეთში რომ თამაშობდეს.

„იუვენტუსს” დიდ პატივს ვცემ. ის დიდი კლუბია, რომელიც კრიშტიანუსთან დამატების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. იმედია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს შევხვდებით, იქ კი რაც მოხდება მოხდეს.

ფანებისა და მედიის მხარდაჭერის შესახებ

ვიცი, რომ უმეტესობა ჩემი გულშემატკივარია. ყოველთვის, როდესაც არგენტინაში ჩამოვდივარ, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ზუსტად ვიცი, რომ ნაკლს მხოლოდ უმცირესობა ეძებს. ჩასაფრებულები ცოტანი არიან. დაე ილაპარაკონ რაც უნდათ, მე კი ვითამაშებ, ჩემი საქმე ეს არის.

ათნომრიანი მააისურა არ მამძიმებს.

მაროკოსთან თამაშის შესახებ

ვიცი, ათას რაღაცას ლაპარაკობენ. სინამდვილე კი ის არის, რომ დეკემბრიდან მოყოლებული საზარდული მტკივა. ამიტომ, ვარჯითაც ნაკლებს ვარჯიშობ და თამაშითაც ნაკლებს ვთამაშობ.

ვენესუელასთან ხუთი მცველით თამაშის შესახებ

ცოტა არ იყოს გაკვირვებული დავრჩი, რადგან ვარჯიშებზე სხვა რაღაცებს ვაკეთებდით. თუმცა, მწვრთნელი იმისთვის არსებობს, რომ გადაწყვეტილებები მან მიიღოს.

„ბარსელონას” შესახებ

„ბარსელონას” ფილოსოფია მათი მთელი ისტორიაა. არგენტინის ნაკრებს არც ფეხბურთელები ჰყავს იმ სტილში რომ ითამაშონ და არც დრო აქვთ ისე რომ მოემზადონ.

ლუის სურესის შესახებ

ჩემს გარშემო ბევრი დიდი ფეხბურთელია, ისინი ნამდვილი მონსტრები არიან, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ სუარესთან მოედნის მიღმაც ვმეგობრობ.

„ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო გოლად მესის მიერ „ხეტაფეს” კარში გატანილი გოლი დაასახელეს.

მე ამ გოლს არ ავირჩევდი. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალის” კარში გატანილი ან „მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილი თავური მირჩევნია.