საქართველოს ნაკრების მიერ მარტში ჩატარებული ორი მატჩიდან, ყველაზე მძაფრი ემოცია, ალბათ შვეიცარიასთან შეხვედრაში განვიცადეთ, როცა ჯიმი ტაბიძე და შვეიცარიელი ფაბიან შერი შეეჯახნენ ერთმანეთს. „ნიუკასლის“ მცველმა გონება დაკარგა, იქვე მყოფმა ჯანო ანანიძემ კი ენა დაუჭირა და გადაარჩინა. ევროპულმა მედიამ, შემდეგ ქართველი გმირად შერაცხა.
თუმცა, შეხვედრა მაინც ჩაამთავრა. ხოლო ტაბიძე მოგვიანებით შეცვალეს, მას თავი შეუხვიეს და ტრავმიდან კიდევ ნახევარი საათი ითამაშა.
შვეიცარიელმა ექიმებმა დაასკვნეს, შერმა ტვინის მცირე შერყევა მიიღოო და „ნიუკასლის“ მკურნალებთან ერთად გადაწყვიტეს, მომდევნო მატჩში დანიასთან (3:3) აღარ გაერისკათ. იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა ტაბიძეც. ირლანდიასთან შეხვედრის წინ (0:1), მასაც მცირე შერყევა აღმოაჩნდა და ბუნებრივია, არ უთამაშია. მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით, რამდენად გამართლებული იყო მათი პირველ მატჩში მინდორზე დატოვება?
ბირმინგემის უნივერსიტეტის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თავის ტვინთან დაკავშირებული ნებისმიერი მცირედი ინციდენტიც კი, ძალიან სათუთ გამოკვლევას მოითხოვს. მაგალითად, პრემიერლიგაში მყისიერ „ნერწყვის ტესტს“ ატარებენ. ასევე უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი, ექიმი, რომელიც ორივე კლუბისა თუ ნაკრების მკურნალების დამხმარე იქნება. ამას უკვე „ნიუკასლის“ ყოფილი კაპიტანი ალან შირერი და პროფესიონალ მოთამაშეთა ასოციაცია მოითხოვს.
შვეიცარიელმა მედიკოსებმა ამჯერად თავი დაიცვეს: შერის შემთხვევაში, ყველაფერი სპორტული მედიცინის წესების დაცვით ჩატარდა და ნევროლოგიური გართულებები არ ყოფილაო.
ექიმთა კონტიგენტის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაშიც და მაგალითად იტალიური სერია A-ს შეხვედრა მოჰყავთ, „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შორის (4:2). ნეაპოლელთა მეკარე დავიდ ოსპინა, მასთან პირისპირ გასულ მეტოქე იგნასიო პუსეტოს შეეჯახა. ექიმების მცირეხნიანი ჩარევის შემდეგ, თამაში გააგრძელა. მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოსკენ, ცუდად გახდა და მინდორზე უგონოდ დაეცა. კოლუმბიელი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში. იქ მას ტომოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარეს და თავის ქალის ტრავმა დაუდგინეს. საბედნიეროდ ოსპინა მალევე მოეგო გონს.